
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დედაქალაქში, რომელიც ჯერაც მოუგვარებელია, დილისა და საღამოს საათებში ავტომობილით გადადგილებაა. საცობები თბილისში ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა და ის ავტომობილთან დაკავშირებული ცხოვრების ნაწილის თანმდევი პროცესიც გახდა.
თბილისში არსებობს ისეთი კრიტიკული საკვანძო წერტილები, სადაც საცობი არამხოლოდ პიკის საათის დროს, არამედ მთელი დღის განმავლობაშია.
2014 წლის მონაცემებით თბილისში ავტომობილების რაოდენობა ცხრაასი ათასს აჭარბებს. ეს მაშინ, როდესაც მოსახლეობა მილიონ სამასი ათასამდეა ანუ, ოჯახზე საშუალოდ, 2 ავტომობილი მოდის, ეს კი პარკინგის პრობლემებს ქმნის.
საქართველოში მთლიანად მილიონზე მეტი მაქანაა, რაც 30%-ით მეტია 2012 წლის მონაცემებზე. ავტოპარკიდან უმრავლესობა 8 წელს გადაცილებული და 10 წელზე ძველი მანქანაა. თბილისში ოფიციალურად 450.000 ავტომობილია რეგისტრირებული.
დედაქალაქში კიდევ ერთი პრობლემაა: არასაკმარისი და მოუწესრიგებელი სადგომები, ე.წ. პარკინგები, რაც მძღოლებს აიძულებს, ავტომობილი ტროტუარებზე გააჩერონ, ეს კი ფეხით მოსიარულეთათვის დისკომფორტსა და პრობლემებს ქმნის. ამას ისიც ემატება, რომ მძღოლები ხშირად გზას არ უთმობენ ქვეითებს, რომლებსაც ზებრაზე გადასვლა უწევთ.
საქართველოს ავტოპარკს ყოველწლიურად ოთხმოციდან ასი ათასამდე ავტომობილი ემატება. არასამთავრობო ორგანიზაციები საცობების გამომწვევ მიზეზად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასაც ასახელებენ.
საქალაქო ტრანსპორტის მოუწესრიგებლობა პრობლემური თემაა ყველასთვის, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ისე მძღოლებისთვის. ამის მიზეზი მანქანების სიმრავლე და მძღოლთა არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა, რასაც, სავარაუდოდ, საცობების განტვირთვა ვერ უშველის.
ელიტა ჭითანავა, სპეციალურად "ნიუსვოისისთვის", ტვ "აფხაზეთის ხმა"