ანდრო ბარნოვი: სახეზე გვაქვს მარაზმი, როცა ნაცმოძრაობის დღევანდელ ხელმძღვანელობას ხელს აძლევდა არჩევნებში წაგება

Image

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და ენმ-დან ხმაურით წასული ანდრო ბარნოვი „ქრონიკა პლუსთან“ ინტერვიუში ვრცლად მიმოიხილავს პარტიაში დღეს მიმდინარე პროცესებს.

 

ბარნოვი ამბობს, რომ შედეგები, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ენმ-მ აჩვენა, პარტიის დღევანდელი მმართველი გუნდის უუნარობის გამოხატულებაა.

 

მისივე თქმით, სახეზე გვაქვს საკმაოდ კომიკური, სასაცილო და, ამავდროულად, სატირალი სიტუაცია, როცა პარტიის დღევანდელ ხელმძღვანელობას ხელს აძლევდა არჩევნებში წაგება.

 

ანდრო ბარნოვი უფრო შორს მიდის და ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ენმ-ს მენეჯმენტი, სავარაუდოდ, ლიდერად გიგი უგულავას მოიაზრებს მას შემდეგ, რაც ის ციხიდან გამოვა და სვამს კითხვას: როგორ უნდა გამოვიდეს გიგი ციხიდან, თუ არ არსებობს შეთანხმება ივანიშვილთან? და თუკი ლიდერშიპის „მიმხედავად“ უგულავა არ მოიაზრება, მაშინ, ბარნოვის აზრით, ენმ სუიციდზე მიდის, როცა მიხეილ სააკაშვილს, როგორც ლიდერს, ემიჯნება.

 

ანდრო ბარნოვი ინტერვიუში ბევრ სხვა დეტალს ეხება და პარტიას გამოსავალსაც სთავაზობს: ყრილობის ფართო მასშტაბით ჩატარებას და მასში ამომრჩევლის, მხარდამჭერების, ანუ, ქვედა რგოლის მასობრივ და არა ფორმალურ ჩაბმას.  

 

როგორც მკითხველს ახსოვს, ანდრო ბარნოვი ენმ-ს გარშემო მიმდინარე ბატალიებში პოლიტსაბჭოს განცხადებამდე, გიგი უგულავას ღია წერილის შემდეგ, საკმაოდ ხმაურიანად ჩაერთო და ბევრი მხარდამჭერის მონანიე კომენტარებიც დაიმსახურა იმასთან დაკავშირებით, რომ მათთვის მხოლოდ ახლა გახდა ცხადი ანდრო ბარნოვისა და ზოგიერთი სხვა ცნობილი სახის ენმ-დან წასვლის მიზეზები.

 

იმ ცნობილ განცხადებაში ანდრო ბარნოვმა „ვირეშმაკოლოგები“ უწოდა ყოფილ თანაპარტიელებს და განაცხადა, რომ დავით ბაქრაძეს „მხოლოდ პირის ხანგრძლივად გაღება და ლაპარაკი ევალება“ და „დახატული“ პირველი ნომერია:

 

„...არის ძალიან პატარა ჯგუფი, რომელიც შედგება დაახლოებით 10-12 კაცისგან, რომელიც მოქმედებენ სრულიად კოორდინირებულად და სხვადასხვა ჯგუფებს „ეკაჩავებიან“, ზოგჯერ მედიამანიპულირებით აღწევენ მიზანს, რომ დაუბლოკავენ ეთერს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და უამრავი ბინძური მეთოდი, რომელსაც იყენებენ.

 

ბოკერია არის ამის სათავეში, ბაქრაძე არის დახატული პირველი ნომერი, ის ყველას აწყობს იქ, იმიტომ რომ ერთ ადამიანზე არ აქვს არანაირი გავლენა და რომ გითხრათ ვინმეში რამე გამორჩეულ პატივისცემას იმსახურებსთქო არა, არც გაღიზიანებას, მას არ შეუძლია რაიმე გადაწყვეტილების მიღება, ეს არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია პირის გაღება ხანგრძლივად და ლაპარაკი, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბეგრაუნდი“, - განაცხადა მაშინ ბარნოვმა. 

 

„ქრონიკა პლუსმა” ანდრო ბარნოვთან ინტერვიუ სწორედ ამ გამონათქვამების გახსენებით დაიწყო:

 

-კი ბატონო, შეიძლება ხმამაღალი შეფასება გავაკეთე და მთლად კარგი მოსასმენი არ იყო, მაგრამ ეს არის ის, რაც არის რეალობა. დავით ბაქრაძეს სწორედ ეს მისია აქვს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში.

 

-სერგო რატიანზეც იგივეს იტყოდით?

 

-აბსოლუტურად. რატიანის არჩევა იყო სწორედ ამ დღევანდელი სიტუაციის მიკრო მოდელი, მაშინ მოხდა ზუსტად ეს, უბრალოდ უფრო დაბალ მასშტაბზე, რატიანი იყო სწორედ ამ ხალხის კანდიდატი, სერგო მე ძალიან მიყვარს, დადებითი პიროვნებაა, მაგრამ სუსტია და არ არის დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიმღები და სწორედ ამ ნიშნით მოსწონდათ გაიყვანეს ეს. ვაშაძე იყო ცვლილებების მოხმრე და თუ გახსოვთ, მაშინ მე მხარი დავუჭირე ვაშაძეს.

 

-დანარჩენ წასულებზე რას იტყოდით, მაგალითად, ჯაფარიძეზე? ან თავად ვაშაძის წასვლის მიზეზებზე? ბევრი ამბობს, ახლა გახდა ცნობილი ჩვენთვის ამ ხალხის წასვლის მიზეზიო...

 

- მე არ ვიცი, ვაშაძის წამოსვლა როგორ მოხდა, მაგრამ ჯაფარიძის წასვლის დროს იქ ვიყავი და ყველაფერი ვიცი. ეტყობა ჩემი სენტიმენტებიც ერია, მეგობარია და ვიცნობდი კარგად. ამიტომ,  მოარულ ჭორებს ვარჩიე, დავლაპარაკებოდი და მივიღე ისეთი პასუხები, რომელმაც დამაკმაყოფილა და მხარს ვუჭერდი კიდეც. თუ გახსოვთ, მათი პარტიიდან კენჭისყრასაც ვაპირებდი გორში, მაგრამ მერე გავერიდე, იმიტომ რომ მიუღებელ რაღაცეებს აკეთებდნენ და მივხვდი, რომ ვცდებოდი და ძალიან გული დამწყდა ამ სიტუაციაზე ნამდვილად, არც ვაშაძის შემდგომი ქცვა არ მომეწონა, თუმცა მე დეტალები კონკრეტულად არ ვიცი.

 

-კი მაგრამ, საიდან და როდის დაიწყო ეს ყველაფერი პარტიაში? ამ ჯგუფის მიერ მართვის სადავეების ხელში ჩაგდების პროცესს ვგულისხმობ. ხომ ცხადია, რომ გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა?

 

-ეს პროცესი სხვადასხვა ინტესივობით დიდი ხანია გრძელდება, მე ვფიქრობ, ვიდრე მე მივიდოდი პარტიაში, შეიძლება მანამდეც არსებობდა, მაგრამ ყოველთვის გუნდი გრძნობდა, რომ სააკაშვილის რესურსი  ძალიან ჭირდებოდათ და ბოლომდე არ ტოპავდნენ, ახლა ჩათვალეს, რომ გაინაღდეს რაღაც და გადავიდნენ რადიკალურ ნაბიჯებზე.

 

-კი მაგრამ, პოლიტსაბჭოშიც და პარტიაშიც სხვა, არანაკლებ გამორჩეული პირები არიან და, საერთო ჯამში, ალბათ, უმრავლესობაც, ვიდრე ეს ჯგუფია. თუ ზეწოლას მოცემულობად მივიღებთ, როგორ ახერხებდა და ახერხებს მათზე ზეწოლას ბოკერია თავისი გუნდით? ან, დავიჯეროთ, სააკაშვილი ვერ ხედავდა ამ მცდელობებს? გისაუბრიათ მასთან ამაზე?

 

-დინებებს, რა თქმა უნდა, თვითონაც ხედავდა, მაგრამ დიდ ყურადღებას ამას არ აქცევდა და არ სჯეროდა , რომ ვიღაცა პირადად დაუწყებდა მას ბრძოლას. მე რომ გითხრათ, თითქოს ამაზე დიდი მტკიცებები დამიწყია მიშასთან, ასე არ იყო.

 

გვქონია საუბარი იმაზე, რომ არ არის მთლად ჯანმრთელი სიტუაცია. გვქონდა მეც და მასაც ასეთი დამოკიდებულება, რომ როგორიც არის, ისეთია და რა მნიშვნელობა აქვს, რადგან საერთო ჯამში არაფერი გამოუვათ და პარტიას ესენი ვერ დააზიანებენ. ამიტომ ამაზე დიდი ყურადღება არ გადაგვიტანია.

 

პირიქით, სულ იყო თანამშრომლობა, რომ ეს დაძაბულობა არ ყოფილიყო, ბოლომდე ასე იყო, მე რომ წამოვედი,  ზუსტად იგივე გრძელდებოდა ჩემი დაკვირვებით: მიდიოდა სულ თანამშრომლური ურთიერთობა სააკაშვილისგან. აქედანაც ეთამაშებოდნენ თანამშრომლობანას, მაგრამ როგორც კი ჩათვალეს, რომ გაინაღდეს ყველაფერი, გადააბრუნეს ფირფიტა.

 

-თქვენს ცნობილ სტატუსში, რასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა, სწორედ ამაზე წერდით...

 

-დიახ, იმიტომ ვუწოდე ვირეშმაკოლოგი. ეს რომ ღია პროცესი ყოფილიყო, მაშინ რა პრობლემაა: თუ შენი მხარდამჭერები წყვეტენ ეს უნდა იყოს ლიდერი თუ ის უნდა იყოს ლიდერი, კი ბატონო, მაგრამ ამას სჭირდება სულ სხვაგვარი მართვა  და სულ სხვაგავარი მენეჯმენტი პარტიის შიგნით და ამას სჭირდება ღია პროცესი და არა ისე, როგორც ახლაა -

 

დაიმარტოხელოს ერთმა პატარა ჯგუფმა, როგორც ახლა, მოაჯდეს მთელი პარტიის რესურსებს და ზოგს ხელფასი მისცეს, ზოგი დააშინოს, ბოდიში და, ზოგს „ეკაჩაოს“ და ასე სხვადასხვა მეთოდებით მიაღწიოს იმას, რომ თავის უმრავლესობა ჰქონდეს პოლიტსაბჭოში და იღებდეს იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც იღებს, ეს არ არის ის მოდელი, რომელსაც ჩვენ, როგორც ამომრჩევლები, უნდა ვენდოთ.

 

ეს უფსკრულამდე მიგვიყვანს. ასეთი შიდასამზარეულოს პარტიამ რომც გაიმარჯოს, მერე როგორ შეიძლება მოემსახუროს ამომრჩეველს, წარმოგიდგენიათ?

 

- ენმ-ს პოლიტსაბჭოს ბოლო, ცნობილ განცხადებაში იყო ფრაზა „დამკვიდრდა“, რამაც ბევრს აფიქრებინა, რომ ეს სიტყვა იყო იმ კონტექსტში გამოყენებული, თითქოს დემოკრატიული ღირებულებების დაცვა ადრე არ იყო პრიორიტეტი და ახლა დაიმკვიდრა თავი...

 

-სწორედ ამის წარმოჩენა უნდათ, მაგრამ სინამდვილეში პირიქითაა საქმე. არანაირი დემოკრატიული მმართველობა არაა. დემოკრატია კი არაა, მისი დეფიციატია. კარგი, მე წამოსული ვარ ერთ წელზე მეტია, მაგრამ ჩიორამ (გულისხმობს ჩიორა თაქთაქიშვილს, - ავტ.) გააკეთა განცხადება ,ზაზამ გააკეთა (გულისხმობს ზაზა ბიბილაშვილს, - ავტ.) ამ ორი ადამიანის წესიერებაში არავის შეაქვს ეჭვი, ასე რომ, ჩემს დასკვნებს რომ თავი დავანებოთ, არის ხალხი, რომელიც იქაა და იგივეს ამბობს. ზაზა ბიბილაშვილი, მით უმეტეს, ახალი სახეა და ერთ-ერთი განძია ენმ-სთვის.

 

-მაგრამ ეს პოლიტსაბჭო, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, 2013 წელსაა არჩეული...

 

-პოლიტსაბჭოს წევრების ამ რაოდენობით და ამ შემადგენლობით დაკომპლექტების ინიციატივა მოდიოდა ძირითადად ამ ჯგუფისაგან და არავინ შეწინააღმდეგებია, მე როგორც გითხარით, მიშას არ ჰქონდა ასეთი დამოკიდებულება, რომ შეწინააღმდეგებოდა.

 

მიშამ გადაწყვეტილებები მთლიანად გადააბარა მათ, არ ჩარეულა ამაში. მე მომსწრე ვარ ამის. ის კი არა, ზოგიერთი ხალხი ამოიღეს სიიდან, რომელიც ასპროცენტიანი მხარდამჭერები იყვნენ სააკაშვილის. ამაშიც კი არ ჩარეულა, თავიდან ბოლომდე ჩააბარა ეს მართვის ბერკეტები ამ ხალხს, იმ რწმენით ,რომ ისინი დაალაგებდნენ და ღრმა სიბინძურეებში არ შეტოპავდნენ, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და რასაც ვხედავთ.

 

-დღევანდელი გადასახედიდან ეს სააკაშვილის შეცდომა იყო? ამხელა ნდობის გამოცხადება?

 

-როგორ შევხედავთ, გააჩნია, ერთი შეხედვით იყო შეცდომა. მე არ ვეთანხმებოდი, მაგრამ არ დამიწყია ზურგს უკან კულუარული მცდელობა, რომ ვინმე ჩემ მხარეს გადამეყვანა. პირიქით, აქეთ მებრძოდნენ სხვადასხვა მეთოდებით და ვისხლიტავდი, თორემ მე არ ავყოლილვარ ამაში.

 

ეს იყო ღია პოზიცია და ჩემი პოზიცია მათ იცოდნენ, არ დამიმალავს არასდროს არავისთვის. ბევრი ცუდი დეტალი იყო, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ საქმეს უფრო ნათელს არ მოჰფენს და ყველა წვრილმანზე ლაპარაკი არ მინდა...

 

ამ კუთხით თუ შევხედავთ შეიძლება შეცდომა იყოს, მაგრამ მეორე მხრივ ბოლოს და ბოლოს ეს ურემი როდესღაც ხომ უნდა აგადაბრუნებულიყო, რომ რაღაც გამოჩნდეს? ამ კუთხით ცუდი არ იყო, ჯობდა ამ ხალხს გაეკეთებინა თავიანთი მაქსიმუმი, რაც შეეძლოთ და უნდოდათ და შემდეგ დასკვნა გააკეთოს ყველამ თავისით.

 

-შესაძლებელია ამ კონფრონტაციის დალაგება პარტიის შიგნით? ზოგი მიიჩნევს, რომ რაც ენმ-ში ხდება, პოსტსაარჩევნო სტრესია, გრძელვადიანი და მოკლევადიანი სცენარის მომხრეებს შორის დავაა. ასეა? თუ უფრო ღრმაა პრობლემა?

 

-არა, პრობლემას სინამდვილეში, ღრმადაა აქვს გადგმული ფესვები. პარტიაში მომაკვდინელებლ ცოდვად ითვლება, თუ ვინმე რამეს იტყვის გარეთ კულუარების შესახებ, ამიტომ ბევრი დუმილს არჩევს, გარეთ უფრო რბილად ლაპარაკობს ხოლმე. მაგრამ მე რატომ წამოვედი იქედან?

 

იმიტომ, რომ შიგნით ამ პრობლემების გადაწყვეტა, უბრალოდ, შეუძლებელი იყო, რადგან იქ არის სიტუაცია, რომ არც არგუმენტი ჭრის და არაფერი რადგან იქ არის ჯგუფი, რომელმაც თავიდანვე იცის, ვინ რა უნდა გააკეთოს, ვინ ვის ან რას უნდა მისცეს ხმა, იმიტომ რომ აქვს კონკრეტული დავალება... შენ იქ რაც გინდა ჰქენი, არაფერი არ ჭრის, გინდაც ვარსკვლავები მოწყვიტო ციდან და წინ დაულაგო...

 

კიდევ ისეთი სიტუაციაა, რომ ამ ჯგუფის მოწინააღმდეგეთა შორის პარტიაში სუსტია ბევრი. ძირითადი მიზეზი არის კოორდინაციის სერიოზული პრობლემა და შრომის სერიოზული პრობლემა ძალიან დიდ ნაწილში.

 

ეს პრობლემა არა აქვს ამ ჯგუფს: ისინი არიან მუდმივად კოორდინირებული ყველა საკითხზე და ეს ძალიან კარგი იქნებოდა, რომ სწორ მიზნებს და პარტიის სწორ მართვას ემსახურებოდეს, მაგრამ...

 

-და ამ უზურპაციისთვის ხელის შეშლა არასდროს არც არავის უცდია? ცოტა დაუჯერებლად ჟღერს...

 

-კი, როგორ არ უცდია. მინიმუმ, სამი დიდ მცდელობა მახსენდება, რომ ამ პრობლემის დაძლევისთვის ძვრები იყო, რომ სერიოზული ცვლილება მომხდარიყო. თითქოს, რაღაც შეთანხმებაც შედგა, მაგრამ როგორც კი ეს შეთანმხმება მიიღწეოდა, მაშინვე იწყებოდა რღვევა, იმიტომ რომ ვიღაც მიიღებდა ხელფასს, ვიღაც თანამდებობას, ვიღაცას დაამუნათებდნენ, ვიღაცას სხვანაირად დაელაპარაკებოდნენ, სხვადასხვა მიუღებელ მეთოდებს იყენებდნენ...

 

-კი მაგრამ, გიგა ბოკერიას თუ აქვს ამბიცია, იყოს ლიდერი, ამისთვის რად სჭირდება ან ბაქრაძის, ან რატიანის ზურგს ამოფარება, რატომ ღიად არ განაცხადებს ამ სურვილის შესახებ ან რატომ ღიად არ იმოქმედებს?

 

-არ ვიცი. მისი ქმედებების ფსიქოანალიზს ვერ დავიწყებ, მაგრამ სწორედ აკეთებს, რომ ასე შვრება და ღიად არ გამოდის სააშკარაოზე, რადგან ის არის არა ლიდერის, არამედ უფრო რუხი კარდინალის ტიპის ადამიანი...

 

-კარგი, მაშინ იმაზეც ვთქვათ ორი სიტყვა, რა მოჰყვება ამ დაპისრისპირებას? პარტიის დაშლა, დაყოფა თუ გამთლიანება? რა მოხდება დეკემბერში დაგეგმილ ყრილობაზე?

 

-მე რასაც ვხედავ, არის სიტუცია, რომ არსებობს ჯგუფი რომელსაც პარტიის წაგება არჩევნებში ხელს აძლევდა, ეს არის სასაცილო, კომიკური და ამ დროს სატირალი სიტუაცია.

 

არჩევნებში წაგებით მათი ძალა პარტიის შიგნით ძლიერდება. რომ მოეგო პარტიას, ჩამოვიდოდა სააკაშვილი და მათი სურვილები დარჩებოდა გვერდზე. ამ ჯგუფს პარტიის გაყოფაც აძლევს ხელს, რადგან ისინი ვერ წაიყვანენ ყველა მხარდამჭერს და თუ მიშას გამიჯნავენ პარტიისგან, დაკარგავენ ხალხის ზღვას და დარჩებათ იქ ძალიან ცოტა მხარდამჭერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარტია დაიშლება.

 

ვფიქრობ, იქნება სხვანაირი პროცესი, მე მაქვს ამაზე ნაფიქრი და შეთავაზებულიც მაქვს - ფართო არჩევნები. როგორ შეიძლება ეს? უნდა დაიწყოს ყველაზე ქვედა რგოლებიდან და ყრილობა უნდა იყოს დამაგვირგვინებელი. მასში ფართოდ უნდა ჩაერთოს სამოქალაქო სექტორი, რომელსაც პოლიტიკურ ინტერესი არ აქვს.

 

კონსსესუსის მიღწევა არ არის ადვილი, მაგრამ უნდა დაველოდოთ, სააკაშვილი რას იტყვის, რა მოდელს აირჩევს. მართალია, ზოგადი ვიცით, რა განცხადებაც აქვს გაკეთებული, მაგრამ ამ ყველაფერს მხარდაჭერა და განხორციელება სჭირდება.

 

-რამდენადაა ეს შესაძლებელი იმ პირობებში, როცა უკვე გამოქვეყნებულია გიგი უგულავას წერილი, როცა შემდგარი ფაქტია პოლიტსაბჭოს განცხადება, როცა ცნობილია, რომ ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ემზადებიან და ეს თანამდებობა არ დარჩება ვაკანტური, როგორც ეს იყო აქამდე, სააკაშვილისადმი სოლიდარობის ნიშნად...

 

-აი, სწორედ ეს ნიშნავს ივანიშვილის მოთხოვნაზე დათანხმებას, საიდანაც გვინდა, ყური შეგვიძლია იქედან მოვაბათ, მაგრამ შინაარსი იგივეა.

 

ჩვენ შეგვიძია ვიაროთ მკაცრი ლოგიკით, წარმოვიდგინოთ, რომ გიგი უგულავა, რომელიც არის პოლიტპატიმარი და უსამართლოდ ზის ციხეში, არ გამოდის ციხიდან. მაშინ რა ხდება? მაშინ ეს ჯგუფი რჩება მთლიანად ლიდერის გარეშე.

 

ჩემი აზრით, მათ ერთადერთი იმედი აქვთ, რომ უგულავა გამოვა და მიხედავს ლიდერშიპს, ერთადერთი ვისაც ქარიზმა აქვს, ეს არის გიგი, ეჭვი მეპარება, რომ მათ არ ჰქონდეთ ციხიდან მისი გამოსვლის გარანტია, სხვა შემთხვევაში სრული სუიციდია...

 

მაგრამ ამავდროულად, რასაც ვამბობ, ესაა ლოგიკა და არა ის, რომ შემსწრე ვარ გარიგების... გიგის წერილიც, მისი ხელმოწერილი კი იყო, მაგრამ მის შემუშავებაში სულ სხვა ხალხი იყო ჩართული, ჩემი აზრით...

 

მომხრეების დაგმობა კი საოცარი მარაზმია.  მგონი, მსოფლიოს ისტორიას არ ახსოვს - უცებ, პარტიამ გადაწყვიტა, რომ მისი მხარდამჭერები იქცევიან ცუდად... და თვითონ პარტია რაღაა, ძალიან საინტერესოა...

 

-გიგი უგულავას წერილზე საუბრისას თქვენ ყურადღება გაამახვილეთ იმ ნაწილზე, სადაც გიგი წერს, რომ ოცმა კაცმა იცოდა პარტიაში, სააკაშვილი რომ მათი ლიდერი არ თუ ვერ იქნებოდა...

 

-დიახ და ცოტა მიკვირს კიდეც, ეგ, ეტყობა სულსწრაფობით დაემართათ, სერიოზული პოლიტიკური ლაფსუსია, ის რანაირად არის რეალობა, როცა პოლიტსაბჭოში 60-დე გყავს წევრი და მხოლოდ ოცმა კაცმა იცის, რა ხდება...

 

-ენმ-ს განცხადებით გაკიცხულებს მზაფრი რეაქცია აქვთ და წერენ, რომ მათთან ბრძოლა ადვილი არ იქნება, რომ ქოცებში არ უნდა აერიოს ენმ-ს ისინი და ასე შემდეგ... ყრილობა განმუხტავს სიტუაციას?

 

-იმ შემთხვევაში, თუ იქნება ძალიან ფართო პროცესი და წინ თუ წარუძღვება რაიონულ დონეზე ჩატარებული არჩევნები და დელეგატებით დაკომპლექტების ცივილური წესი, რაც არ არის მკაფიოდ გაწერილი წესდებაში, მაშინ ნამდვილად განმუხტავს.

 

ზოგადად, ეს არჩევნები იყო ძალიან სერიოზული პრობლემა, როგორ დაკომპლექტდა საარჩევნო ადმინისტრაციები. მწერენ, რომ იყო სრულიად არაკომპეტენტური ხალხი და იყო შემთხვევები, როდესაც ნაცდამკვირვებლები ისევე აწერდნენ ხელს გაყალბებულ ოქმებს, როოგორც ოცნების ადმინისტრატორები, მე შემსწრე არ ვარ, მაგრამ მიყვებიან ადამიანები, რომელებიც ადგილზე იყვნენ, ეს მეტყველებს როგორც მინინმუმ, უუნარობაზე ან უფრო მძიმე რამეზე.

 

ყველაზე ტრაგიკული კი ამ ყველაფერში ის არის, რომ პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა თავისი საქციელით ცხადყოფს, რომ მას, როგორც აღმოჩნდა, ხელს აძლევდა წაგება... ეს საშინელი რეალობაა და არ ვიცი მხარდამჭერები როგორ მიიღებენ...

 

გაზეთი ქრონიკა+

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !