-
2016-03-15 08:31
უკრაინული მედიის პრორუსულ ნაწილში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი გადადგა ან თითქოს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკვე მოაწერა ხელი ბრძანებას მისი გათავისუფლების შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება.
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ტელეფონით ესაუბრა მიხეილ სააკაშვილს, - ამის შესახებ პრესას პრეზიდენტის პრეს-მდივანმა სვიატოსლავ ცეგოლკომ განუცხადა.
მან აღნიშნა: "პრეზიდენტს სატელეფონო საუბარი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან ოდესის ოლქის განვითარების პერსპექტიული პროექტების შესახებ. ყველა შეტყობინება სააკაშვილის გადადგომის შესახებ, სინამდვილეს არ შეესაბამება".
შეგახსენებთ, უკრაინული და ქართული მედიის პრორუსულ ნაწილში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი გადადგა, ხოლო მედიის ნაწილი წერდა, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ იგი გადააყენა. ამასთან, "ქრონიკა პლუსის" ჟურნალისტმა ზაზა სვანაძემ კვირას განაცხადა, რომ მას კიევიდან თბილისში დაუკავშირდა შსს-ს ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, რომელმაც ანაზღაურების სანაცვლოდ ოდესაში, მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციების მოსაწყობად აქტივისტების ჩაყვანა სთხოვა.