
ლატვიელმა მომღერალმა ლაიმა ვაიკულემ ჯანდაბაში გაგზავნა რუსი ჟურნალისტი, რომელიც დაინტერესდა, რა პრინციპით შეარჩია მომღერალმა უკრაინაში დაგეგმილი გასტროლების დროს ქალაქები.
მანამდე ვაიკულემ თავაზიანად უპასუხა სხვა ჟურნალისტების შეკითხვებს იმის შესახებ, თუ როგორ ემზადება საგასტროლო კონცერტებისთვის, ხოლო ე.წ. "შავ სიაში" შეტანილ რუს კოლეგებთან დაკავშირებით შეკითხვას უპასუხა, რომ მორწმუნეა და არ მიაჩნია საჭიროდ რაღაც სიებზე ლაპარაკი, რომელიც სიმღერას, ხელოვნებას უკავშირდება.
მოგვიანებით ლაიმა ვაიკულემ მისი უხეშობა გამოცემა "გორდონთან" საუბრისას ახსნა და განაცხადა, რომ უკრაინელ თაყვანისმცემლებთან შეხვედრა თავად გადაწყვიტა, ხოლო "ზოგი პროვოკატორი" ამისთვის პოლიტიკური სარჩულის მიკერებას ცდილობს: "არიან თეთრი ძალები და არიან შავი ძალები. აი, სწორედ ის შავი ძალები გავგზავნე ჯანდაბაში და ამას სულაც არ ვნანობ. კიევში ჩასვლისას აუცილებლად მივალ დამოუკიდებლობის მოედანზე, რომ საკუთარი თვალით ვნახო იქაურობა", - განაცხადა ლაიმა ვაიკულემ.