
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი პირადად იცნობდა პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულ, აწ გარდაცვლილ ბიძინა კუჭავას, რომელიც ტვ "საქართველოს ხმის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი იყო.
2013 წლის ოქტომბერში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ივანიშვილთან შესახვედრად ტელევიზიებისა და რადიოების ხელმძღვანელი პირები იყვნენ მიწვეული, ბიძინა კუჭავამ ივანიშვილს შეკითხვა დაუსვა, ხოლო ივანიშვილის თანაშემწის მიერ ბიძინა კუჭავას წარდგენას პრემიერმინისტრის რეპლიკა და კუჭავას მიმართ გამოთქმული საყვედური მოჰყვა.
უცნობია, რის შესახებ უსაყვედურა ბიძინა ივანიშვილმა ბიძინა კუჭავას, როცა მას უთხრა, რომ "იმ დროს ძალიან საეჭვო პოზიცია" ეჭირა. პრემიერმა თითქოს ამაზე საჯაროდ საუბარიც დააპირა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც გადაიფიქრა, ხოლო კუჭავამ განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ბრიფინგის შემდეგ "30 წამით" ივანიშვილთან შეხვედრის საშუალება მიეცემოდა, რაზეც პრემიერი დათანხმდა და ბრიფინგის შემდეგ მათ დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში ისაუბრეს.