
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე გააღიზიანა ენმ-ს წევრის მარიამ საჯაიას გამოსვლამ, რომელმაც ახალ პრემიერსა და მთავრობას "იმ ბრძენი კაცის ავატარები" უწოდა, ხოლო გიორგი კვირიკაშვილს უთხრა, რომ მასაც მოუწევს წასვლა თანამდებობიდან 2016 წელს, "თუკი მანამდე იმ ბრძენმა კაცმა ცუდ ხასიათზე არ გაიღვიძა და არ მიგაბრძანათ".
ამ გამოსვლის საპასუხოდ ზვიად კვაჭანტირაძე დაინტერესდა, რა დამსახურების გამო მოხვდა მარიამ საჯაია ენმ-ს გამსვლელ სიაში:
"რა დამსახურება გქონდათ ასეთი? თქვენ ზუსტად მაიძულეთ თქვენი უზრდელური გამოსვლის შემდეგ, ასე გიპასუხოთ. რა უნარ-ჩვევები დაგიგროვდათ ასეთი თქვენს ასაკში და რა ტექნიკას ფლობთ ისეთს, რომ ამის სანაცვლოდ შეგიყვანეს სიაში? რა ცხოვრების გზა გქონდათ ისეთი გავლილი, თუ არა თქვენი განსაკუთრებული მეგობრობა და დედათქვენის მეგობრობა მიხეილ სააკაშვილთან, რომ დღეს ამ დარბაზში ზიხართ?"