
"მივმართავ კორუმპირებულებს: უკრაინა თქვენი მეწველი ძროხა არ არის! ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა იგი წაგართვათ თქვენ და დავუბრუნოთ მას, ვისაც ეკუთვნის - უკრაინელ ხალხს", - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში, ანტიკორუფციულ ფორუმზე გააკეთა.
სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებში კორუმპირებულთა წმენდის მიზნით ახალი სახალხო მოძრაობის დაწყება დაანონსა და განაცხადა, რომ ამ მოძრაობის წევრები ჩავლენ ყველგან: ხარკოვში, ლვოვში, დნეპროპეტროვსკში, რათა ხალხთან ერთად გაწმინდონ კურუმპირებულებისგან უკრაინის ხელისუფლება.
"ოცზე მეტი წელია, უკრაინის ზედა ეშელონებში ერთი და იგივე ხალხია. ისინი მობეზრდა არამარტო უკრაინელ ხალხს, მე მგონია, რომ მათ ერთმანეთიც კი მობეზრდათ. მაგრამ მათ აქვთ ერთობლივი შავი ბიზნესი, მათ აქვთ ერთობლივი ინტერესები, ერთობლივი ანგარიშები ოფშორულ ზონებში, ამიტომ ვერ ელევიან, ვერ შორდებიან ერთმანეთს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ოდესის გუბერნატორმა უკრაინის ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და კახა ბენდუქიძის სიტყვები გაიხსენა. სააკაშვილმა დაამატა, რომ უკრაინა არ იმსახურებს, ევროპის ქვეყნებში ყველაზე ღარიბ სახელმწიფოდ ითვლებოდეს მაშინ, როცა მას ჰყავს ყველაზე მდიდარი ჩინოვნიკები.
ანტიკორუფციულ ფორუმზე გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილს გამოსვლა რამდენჯერმე აპლოდისმენტებით შეაწყვეტინეს. აღსანიშნავია, რომ Financial Times-ის მონაცემებით, რომელიც უახლეს სოცკვლევას ეყრდნობა, არსენ ავაქოვთან დაპირისპირების შემდეგ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს პოპულარობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და მისი რეიტინგი ორჯერ აღემატება თავად პრეზიდენტ პოროშენკოს რეიტინგს.