
გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი დღეს 2007 წლიდან ინტერპოლის მიერ ყოფილი ძებნილის (მას ძებნა ახალი ხელისუფლების მოთხოვნით მოუხსნეს) ლევან ფხაკაძისთვის პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭების რეკომენდატორად დაასახელა.
ელისო კილაძის თქმით, ია მეტრეველი, ლევან ფხაკაძისთვის პოლიტდევნილის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით ეკა ბესელიას დაუკავშირდა.
შეგახსენებთ, რომ ლევან ფხაკაძეს არანაირი შეხება პოლიტიკასთან ან რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან არ ჰქონია, თუმცა, პოლიტდევნილთა 25 კაციან სიაში ის მეშვიდე ნომრადაა შეყვანილი.
ლევან ფხაკაძე მას შემდეგ იძებნებოდა, რაც პირადი მოტივებით, 8 ტყვია ესროლა მოქალაქე ლევან ზირაქაძეს და მიიმალა.
ამასთან, ცნობილია ია მეტრეველისა და ლევან ფხაკაძის ოჯახის ახლო ურთიერთობების შესახებ. ასე მაგალითად, ია მეტრეველი არის ლევან ფხაკაძის დის, ეკატერინე ფხაკაძის მეჯვარე და ფხაკაძეების ოჯახის ახლო მეგობარი.
შეგახსენებთ ასევე, რომ ია მეტრეველმა 2011 წელს, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ დაარსა ფონდი "ქომაგი", რათა დაეცვა სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პოლიციელებისა და სხვა მოხელეების უფლებები.
ია მეტრეველის ფონდის ანგარიშებზე ფულს მოქალაქეებიც რიცხავდნენ. ეს თანხა, ფონდის მიერ გასაჯაროვებული მიზნების მიხედვით, სხვადასხვა სახის ქველმოქმედებას და უხელფასოდ დარჩენილ ყოფილ საჯარო მოხელეებს უნდა მოხმარებოდა, თუმცა დღემდე არ არის გამჭვირვალე, სად და როგორ დაიხარჯა ფონდის ანგარიშზე დარიცხული ფული. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდნენ, ფონდი "ქომაგი" გაუქმდა და დაიხურა.