
"წაეთრიე ჩემი ქვეყნიდან, გასტროლიორო!", - ამ ფრაზით რეფორმების საბჭოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილს პრემიერმა იაცენუკმა მიმართა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სააკაშვილსა და უკრაინის შს მინისტრს არსენ ავაკოვს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო და ავაკოვმა გუბერნატორს ჭიქა ესროლა.
"ჭიქა არ მომხვედრია, გვერდით ჩამიარა, მაგრამ წყალი ტანსაცმელზე გადამესხა. ავაკოვმა ჩემს მიმართ უცენზურო სიტყვები გამოიყენა და პირდაპირ დამემუქრა. მე მისი მუქარა არ მაშინებს, არც მისგან შეურაცხყოფა გამკვირვებია, რადგან ნაკლებად ცივილიზებული ადამიანებისგან ბევრი მსგავსი მომისმენია, ცხოვრებაში ბევრი პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი მინახავს არაოფიციალურ ვითარებაშიც, მაგრამ ის, რაც დღევანდელ სხდომაზე ვნახე, სადაც პრემიერმინისტრმა აბსოლუტურად დაკარგა სახე, არსად მინახავს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ინციდენტის შემდეგ.
სოციალურ ქსელებში უკრაინელი პოლიტოლოგები, ექსპერტები და ჟურნალისტები, ეხმიანებიან რა დღევანდელ ინციდენტს, განსაკუთრებულ ყურადღებას იაცენუკის მიერ სააკაშვილისთვის ნათქვამ ფრაზაზე: "წაეთრიე ჩემი ქვეყნიდან, გასტროლიორო!" ამახვილებენ. მიხეილ სააკაშვილის მიერ დასახელებული ეს ფრაზა რომ იაცენუკმა ნამდვილად წარმოთქვა, "უკრაინსკაია პრავდას" ჟურნალისტი ოლეგ ლეშენკოც ადასტურებს. ის წერს, რომ "იაცენუკმა სააკაშვილს "გასტროლიორი" უწოდა და მოუწოდა, მისი ქვეყნიდან წატრეულიყო, რასაც სააკაშვილის პასუხი მოჰყვა, რომ ის უკრაინის ისეთივე მოქალაქეა, როგორიც იაცენუკი, უბრალოდ, იმ განსხვავებით, რომ ქვეყანას არ ძარცვავს", - წერს ოლეგ ლეშენკო.
ინციდენტს ეხმიანება ჟურნალისტი რომან ბოჩკალაც, რომელიც წერს, რომ ეს ფრაზა, თუკი ის მართლაც წარმოთქვა პრემიერმინისტრმა იაცენუკმა, უპატიებელია პოლიტიკოსისთვის და ჩვეულებრივი ფაშიზმის გამოვლინებაა, რადგან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა.