
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც „თავისუფალ დემოკრატებს“ ხუთი წლის იუბილე მიულოცა, პარტიის დამფუძნებლებს შორის ირაკლი ალასანია არ ახსენა და მხოლოდ ლევან მიქელაძე და „თანამოაზრეთა გუნდი“ მოიხსენია.
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ 5 წლის იუბილე გუშინ აღნიშნეს. შესავალ სიტყვაში ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ „5 წლის წინ ადამიანები ირაკლი ალასანიას გუნდის პრეზენტაციაზე“ მივიდნენ და ჩამოთვალა ისინი, ვინც დამფუძნებლებს შორის იყო, მათ შორის, ლევან მიქელაძეც, რომლის ხსოვნასაც მიეძღვნა იუბილე.
საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ 5 წლის წინ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გაბედეს და გაემიჯნნენ ხელისუფლებას, თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ „ამას სათავეში ლევან მიქელაძე ედგა“:
„სახელმწიფოს ინტერესები, დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება იყო ის იდეალები, რამაც თქვენ გაგაერთიანათ და ამას სათავეში ლევან მიქელაძე ედგა“, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.
ერთადერთი მინიშნება, რამაც ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაში ირაკლი ალასანიაზე გაიჟღერა, ეს ფრაგმენტი იყო:
„ამ გუნდში ძირითადად თავი მოიყარეს ადამიანებმა, რომლებმაც უარი თქვეს სააკაშვილის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, უარი თქვეს დიპლომატის საპატიო თანამდებობაზე და ქვეყნის ინტერესი ყველაფერზე წინ დააყენეს“.
„მე კარგად მესმის, რას ნიშნავს დღევანდელი დღე ამ პარტიის დამფუძნებლებისთვის, მისი წევრებისათვის, როგორი ემოციურია ეს დღე თქვენთვის იმის გამო, რომ სრულიად გამორჩეული ადამიანის, ღირსეული მოქალაქის, შესანიშნავი დიპლომატისა და ჩვენი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტის, თქვენი მეგობრის ლევან მიქელაძის სახელთან არის დაკავშირებული. ძალიან სამწუხაროა, რომ ის ჩვენ შორის აღარ არის."- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და პარტიას წარმატებები უსურვა.
მისივე თქმით, „ლევან მიქელაძის ირგვლივ გაერთიანებული გუნდი დღეს ერთერთი წარმატებული პარტია ქართულ პოლიტიკაში“.