
„მე მინდა, რომ ის დაისაჯოს თაღლითური განქორწინებისთვის, რადგანაც ვიღაც სხვა პიროვნებამ ითამაშა ჩემი როლი სასამართლოში,”-ეს განცხადება გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მეუღლემ, ინგა პავლოვამ გააკეთა.
მისი თქმით, ივანიშვილი მასთან განქორწინების შემდეგაც სარგებლობდა მისი სახელით და გვარით. რუსეთში აგრძელებდა თაღლითურ საქმიანობას.
როგორც პავლოვა ამბობს, მას ივანიშვილის თაღლითობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტებიც აქვს, რომელიც ჟურნალისტმა ვლადიმერ ივანიძემ მიაწოდა:
,,ივანიძესთან საუბრამდე არც კი ვიცოდი, რომ 1994 წლიდან 2007 წლამდე ივანიშვილის მდივანს პოლიაკოვს ჩემს სახელზე გახსნილი ჰქონდა კომპანია. მე მას ვიცნობ. სრული მოულოდნელობა იყო, რომ ვიღაცამ მოსკოვში ჩემი დოკუმენტებით ისარგებლა და ერთდროულად 2 ბანკში ვიყავი გაფორმებული თანამშრომლად.
თუ არ ვცდები ბანკ რასიისკი კრედიტში და რუსული განვითარების ბანკში. როდესაც ივანიძემ მოსკოვის საგადასახადო სამსახურიდან გამოთხოვილი დოკუმენტები გადმომცა მაშინვე ინტერნეტით ამ უწყებაში საჩივარი შევიტანე და პასუხი მივიღე, რომ რეგისტრირებული ვიყავი როგორც ბანკის თანამშრომელი. ასევე ჩემს სახელზე კომპანია იყო გახსნილი. მაშინვე განვაცხადე, რომ ეს მე არ ვიყავი. ფიზიკურადაც არ ვიყავი რუსეთში, ვერანაირად ვერ ვიმუშავებდი ამ ბანკებში, რადგან საზღვარგარეთ ვცხოვრობდი,"-ამბობს პავლოვა.