
რუსეთის უმაღლესი დუმის დეპუტატი მმართველი "ედინაია როსიას" პარტიიდან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის ერთადერთი მიზანი უნდა იყოს ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკების დაპყრობა და "დიდი რუსეთის" საზღვრების იმ სტატუსში აღდგენა, როგორიც ის 1945-91 წლებში იყო. "ჩვენ მოგვიწევს ამის გაკეთება", - განაცხადა ფედოროვმა.
ფედოროვის თქმით, 1991 წელს "ყოფილი სსრკ-ს, იგივე დიდი რუსეთის ტერიტორია უკანონოდ დაირღვა და ამაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს. მისი თქმით, უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის აგრესია ამ პრობლემის გადაჭრის ისტორიული ტექნოლოგიაა. მან დაამატა, რომ სირიაში ომისთვის მობილიზება რუსეთისთვის ახლა უფრო ძნელია, ვიდრე სსრკ-ს ფარგლებში იქნებოდა.
"ყოფილი სსრკ-ს ტერიტორია ჩვენი მამულის, ჩვენი ნაციის ტერიტორიაა და ეს ასეა საერთაშორისო ნორმებითაც, ამიტომ ჩვენ იმ ფარგლებში უნდა დავბრუნდეთ. ამის გაკეთება მოგვიწევს. ამ მიზნის გარშემო უნდა გაერთიანდეს სტუდენტი, პენსიონერი, შორი რეისის მძღოლი, ეს აღდგენითი და თავდაცვითი ღონისძიება იქნება და არა დაპყრობა", - ამბობს დეპუტატი.
ევგენი ფედოროვი რუსეთის დუმის ოთხი მოწვევის დეპუტატია. ის დუმის ბიუჯეტისა და გადასახადების კომისიის წევრია, ასევე პარტია "ედინაია როსიას" ცენტრალური პოლიტსაბჭოს წევრი გახლავთ. ამასთან მას სახელმწიფო მრჩევლის რანგი აქვს და ორგანიზაცია "ნაციონალურ-გამათავისუფლებელ მოძრაობის" კოორდინატორიცაა.