
„მონდის“ ჟურნალისტი თავისი ბინის ფანჯრიდან იღებდა პარიზის თეატრში დატრიალებული ტრაგედიის შედეგებს, როცა სახანძრო გასასვლელს უამრავი ადამიანი მოაწყდა მას შემდეგ, რაც ტერორისტებმა სროლა დაიწყეს.
ვიდეოში, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა, ჩანს სახანძრო გასასვლელთან უკვე მოკლული და მომაკვდავი ადამიანების სხეულები, ისმის შეძახილები და სროლის ხმა, ხოლო დაახლოებით მესამე სართულის სიმაღლეზე ქალი ხელებითაა ჩაჭიდებული ფანჯრის რაფას და გაჰყვირის: „მუსიე! მე ორსულად ვარ, მიშველეთ, მუსიე!“.
როგორც ფრანგული მედია წერს, ამ ქალბატონის ისტორია მშვიადობიანი ფინალით დასრულდა - მისი გადაღცენა მოახერხეს, ხოლო ქმარმა სწორედ ამ ვიდეოს მეშვეობით შეიტყო, რომ მისი ცოლი ორსულად იყო. ვიდეოს ბოლო ნაწილში ჩანს ქალი, რომელიც რაფაზე ჩამოკიდებულის დახმარებას ცდილობს, ხოლო ის, რაც არ ჩანს და მოხდა: გვერდითა ფანჯრის რაფაზე მდგარი მამაკაცი უკან გადაძვრა და ქალს ფანჯარაში გადაძრომაში დაეხმარა. ამ დროისთვის ტერორისტები ისევ შენობაში იყვნენ, თუმცა, ისინი სახანძრო გასასვლელთან არ მისულან. მოგვიანებით ეს მოქალაქეები იქ მისულმა პოლიციამ გაიყვანა.
რაც შეეხება თავად „მონდის“ ჟურნალისტს, ის კადრების გადაღებისა და მას შემდეგ, რაც გაარკვია, რა ხდებოდა, ქუჩაში გავიდა დაჭრილი და პანიკაში მყოფი მოქალაქეებისთვის სადარბაზოს კარი გააღო, რათა მათ თავის შეფარების საშუალება მისცემოდათ. თავად ჟურნალისტი დაჭრილებს ეხმარებოდა, ხოლო მაშინ, როცა სადარბაზოში კიდევ ერთი დაჭრილი შეჰყავდა, ის თავად დაიჭრა მკლავში.
როგორც ჟურნალისტი იხსენებს, მათ სადარბაზოში შეათრიეს მძიმედ დაჭრილი მამაკაცი, რომელსაც აკანკალებდა და ოფლს ასხამდა: „მეგონა, კვდებოდა. ჯერ სასწრაფოში დავრეკე, მაგრამ მათ ჩვენთან მოსვლა ვერ შესძლეს, შემდეგ კი მეგობარს დავურეკე და მან ამიხსნა, როგორ გამეკეთებინა პერანგისგან სისხლდენის შემაჩერებელი ნაჭერი. მე მას ჭრილობა გადავუხვიე და ვურჩიე, წყნარად წოლილიყო. მალე პოლიციაც მოვიდა ის და სხვა დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს“.
თავად თეატრში მყოფები იხსენებენ, რომ როცა პირველად გაიგონეს სროლის ხმა, მათ ესეც შოუს შემადგენელი ნაწილი ეგონათ: „მერე მე დავინახე, როგორ აივსო დაჭრილებითა და მოკლულებით გასასვლელი. ტერორისტებმა, პირველ რიგში, ცეცხლი შშმ პირებს გაუხსნეს, რომლებიც პირველ რიგში, თავიანთ ეტლებში ისხდნენ. რამდენჯერაც ვინმე გასვლას დააპირებდა და გაიქცეოდა, იმდენჯერ ისროლდნენ ხოლმე. მე სისხლით სავსე იატაკზე დავწექი და თავი მოვიმკვდარუნე. სუნთქვაშეკრული ველოდი ტყვიას თავში, ვიხსენებდი ჩემთვის საყვარელი და ძვირფასი ადამიანების სახეებს და სათითაოდ ვეუბნებოდი მათ: „მე თქვენ მიყვარხართ!“.