
გეგუთის ციხეში სიტუაცია მხოლოდ მას შემდეგ დამშვიდდა, რაც იქ რუსთავის მე–6 ციხიდან მაყურებელი ნუგზარ ნიკოლაძე, იგივე „ბუწალიჩი“ გადაიყვანეს.
ამის შესახებ პორტალი „ნიუსპრესი“ წერს. სააგენტო ციხის ინკოგნიტო თანამშრომელზე დაყრდნობით იუწყება, რომ პატიმრები მხოლოდ მას შემდეგ დაწყნარდნენ, რაც გეგუთის ციხეში „მაყურებელთა“ ჩანაცვლება მოხდა:
„12 თებერვალს ციხის მაყურებელი ონიანები თავის „შაიკით“ გადაიყვანეს „კრიტში“ (საპყრობილის ტიპის დაწესებულება – რედ.) და მათ ნაცვლად რუსთავის მეექვსეს „კრიტიდან“ ათკაციანი „შაიკით“ ნუგზარ ნიკოლაძე დააბრუნეს.
ნიკოლაძეს უთქვამს, „კრიტიდან“ თუ გამიყვანთ, მე გავაჩერებ პატიმრებსო. ონიანებთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და გეგუთში გადმოსვლას ვერ ბედავდა. ონიანები და მისი ბიჭები იმავე მანქანით წაიყვანეს „კრიტში“, რითაც „ბუწალიჩი“ და მისი ხალხი მოაბრძანეს .
პატიმრებს ეშინიათ ნიკოლაძის „შაიკის“, რადგან ისინი მათ სცემენ და მუდმივი ტერორის ქვეშ ამყოფებენ. ამიტომაც დამშვიდდა გეგუთი და დასრულდა შიმშილობის აქცია“, – წერს „ნიუსპრესი“.