
კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი აცხადებს, რომ ტერიტორია, სადაც კარდენახელმა გელა გრიშენკომ ვენახი გაჩეხა, მას არ ეკუთვნის. ამასთან, გუბერნატორი აცხადებს, რომ გრიშენკო და დედამისი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არიან, ხოლო ნუნუ გრიშენკო გიორგი ღვინიაშვილს პარლამენტის სხდომაზეც ჰყავდა მიყვანილი.
“ტერიტორია გვაჩვენეს, სადაც იყო ვაზი გაჩეხილი. ეს ტერიტორია არ ეკუთვნის ამ ადამიანს, ეს ეკუთვნის დომენჭაშვილ გოდერძის, რომელსაც 25 მეასედი ვაზი ჰქონდა ადრეული ჯიშის.
მან ეს ადრეული ჯიში ადრევე დაკრიფა და იმ ადგილზე ბატონ გოდერძის რქაწითელის ჩაყრა სურდა და ამისათვის გადაჭრა ეს ძველი ვაზი. სამწუხაროდ, ტელევიზიებმა ჩვენ, როგორც მაყურებელს და მსმენელს შემოგვატყუეს ისე, თითქოს ეს ვაზი იყო დღეს გაჩეხილი და ეს ვაზი იყო გაჩეხილი იმისთვის, რომ აღარ სურდა ვინმეს ვაზი. ეს არის ცალსახა პროვოკაცია. ეს არის დადგმული სპექტაკლი”, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.
შეგახსენებთ, რომ რეპორტაჟი კარდენახიდან და ვაზის გაჩეხვის პროცესი არამარტო "რუსთავი-2"-მა, როგორც ამას კახეთის გუბერნატორი წარმოაჩენს, არამედ სხვა მედიასაშუალებებმაც გადაიღეს და გაავრცელეს:
„განა მართლა 70 თეთრად იბარებენ ყურძენს? ქარხანაში რომ მიგაქვს, 2–3 დღე რიგში დგახარ დატვირთული მანქანით. მერე გიწუნებენ ყურძენს და 60 თეთრს გადაგიხდითო. 3 დღის ყურძენს სადღა წაიღებ? იძულებული გავხდი და ჩავაბარე. გამაწამეს ქარხანაში. მასხარად გვიგდებენ მევენახეებს.
რაც დავხარჯე იმასაც ვერ ვინაზღაურებ. ოჯახი ხომ უნდა ვარჩინო? ერთი კილოგრამი წიწაკა 1.30 ლარი ღირს. ვენახი გავჩეხე და წიწაკას მაინც მოვიყვან“, – განაცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას კარდენახში მცხოვრებმა გელა გრიშენკომ, რომელმაც 0.25 ჰექტარზე მსხმოიარე ვაზი უკვე გაჩეხა, ახლადგაშენებული ვაზის გაჩეხვა კი დღეს დაიწყო.