
პარადოქსია, მაგრამ ფაქტი: რადიო "აფხაზეთის ხმის" მაუწყებლობის გამორთვიდან მეორე დღეს ტელერადიოცენტრმა კომპანიას დავალიანების დასაფარად სწორედ ის პირობები შესთავაზა, რასაც "აფხაზეთის ხმა" ეთერის გათიშვამდე ითხოვდა. შედეგად, რადიოს მაუწყებლობა აღდგება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
თავდაპირველად, როცა "აფხაზეთის ხმამ" ტელერადიოცენტრს მიმართა თხოვნით, სექტემბრის ბოლომდე გადაევადებინათ აგვისტოს თანხის გადახდა და მიზეზად მწირი სარეკლამო სეზონი დაასახელა, მათგან სასტიკი უარი მიიღო. მეტიც, მედიასაშუალების დირექტორს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ თუ ანგარიშზე თანხა ერთი საათის განმავლობაში არ დაჯდებოდა, მაუწყებლობას გამორთავდნენ, რაც შეასრულეს კიდეც.
საზოგადოების დიდმა ნაწილმა რადიო "აფხაზეთის ხმის" გამორთვა პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აღიქვა. მხოლოდ მცირე ნაწილი ამტკიცებდა, რომ ეს სუფთა ფინანსური დავა იყო და ხელისუფლებასთან კავშირი არ ჰქონდა. მაგრამ ასე მსჯელობა, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილისმომგვრელია, რადგან ცნობილი ფაქტია, რომ "აფხაზეთის ხმა" არაა ერთადერი მედიასაშუალება, რომელსაც ტელერადიოცენტრის დავალიანება აქვს, თუმცა ცენტრი ძალიან იშვიათად ან თითქმის არასდროს მიმართავდა მაუწყებლობის გამორთვას, როგორც ადმინისტრაციულ ღონისძიებას.
ამასთან, გათიშვის პირველ დღეს ტელერადიოცენტრი საერთოდ არ აკეთებდა არანაირ კომენტარს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ინტერნეტში აქტივობა დაიწყო, გაჩნდა მხარდამჭერთა ჯგუფები, დაიგეგმა აქციები, მედიამ კი გათიშვიდან მეორე დღეს „აფხაზეთის ხმის“ მაუწყებლობის გამორთვა მთავარ თემად აქცია და მომზადდა სიუჟეტები, ტელერადიოცენტრი სასწრაფოდ დაუკავშირდა ჟურნალისტებს და კომენტარიც მისცა, სადაც აღნიშნა, რომ პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან არიდების მიზნით ისინი მზად არიან გადაავადონ დავალიანება და აღადგინონ მაუწყებლობა.
თუკი ვინმეს სჯერა, რომ ტელერადიოცენტრმა თავიდანვე ვერ გათვალა, მაუწყებლობის გამორთვა რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად იქნებოდა აღქმული, ალბათ, საუკეთესო შემთხვევაში გულუბრყვილოა. სინამდვილეში კი მეტად საეჭვოა, ან მაუწყებლობის გამორთვის, ან მისი ჩართვის გადაწყვეტილება მხოლოდ ტელერადიოცენტრის მიერ ყოფილიყო მიღებული, რასაც ცენტრის ხელმძღვანელისა და რადიო „აფხაზეთის ხმის“ ხელმძღვანელობას შორის პირადი საუბარიც ადასტურებს, სადაც ბატონმა დეკანოსიძემ ცალსახად გაუსვა ხაზი, რომ გამორთვის საკითხი მისი გადასაწყვეტი არ იყო და „ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს“.
საბოლოო ჯამში, გაუგებარია, რისი დატესტვა სურდა ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ მიიღო კი ის, რაც მაინცდამაინც სასიამოვნო მისთვის ვერ უნდა იყოს:
მედია ერთიანია და ერთზე თავდასხმა, მისი პოზიციისა და სარედაქციო პოლიტიკის მიუხედავად, უმეტესწილად აღიქმება, როგორც თავდასხმა ყველაზე (თუმცა, არსებობს იშვიათი გამონაკლისებიც).
საზოგადოება მეტად სენსიტიურია და მტკივნეულად რეაგირებს მედიის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ყველა ნაბიჯზე, იქნება ეს სამართლებრივ, ფინანსურ თუ სხვა ჭრილში შეფუთული.
უახლოეს მომავალში, სავარაუდოდ, შეიქმნება მძლავრი მედიაასოციაცია, რომელიც დაიცავს მედიასაშუალებების უფლებებს, რომ მისი მაუწყებლობის გამორთვა და ჩართვა ასე მარტივი არ იყოს და არ იყოს დამოკიდებული რომელიმე ჩინოვნიკზე.
„აფხაზეთის ხმა“ მადლობას უცხადებს მოქალაქეებს, მედიასაშუალებებსა და ჟურნალისტებს, გამომცემლებს, რომლებმაც ცალსახად და უპირობოდ დაუჭირეს მხარი „აფხაზეთის ხმას“.