
უკვე 17 დღე გავიდა 13 ივნისის ტრაგედიიდან, თუმცა, თბილისის მერიამ სტიქიით დაზარალებულთა დახმარებისთვის სხვადასხვა ფონდებში შეგროვილი 50 მილიონიდან მხოლოდ 2 მილიონამდე თანხა გასცა.
სტიქიით დაზარალებულთაგან ბევრი ჯერაც სასტუმროებში ცხოვრობს და მათ ვერ გაურკვევიათ, რა ელით მომავალში. კერძო ბინებს ვერ ქირაობენ, რადგან ბინის მფლობელები სახელმწიფოსგან სიტყვიერ შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ ქირას გადაიხდიან, გარანტიად არ მიიჩნევენ. ისინი ორი თვის ქირას ითხოვენ, რასაც დაზარალებულები ვერ იხდიან.
დაზარალებულთა შორის ონკოლოგიური ავადმყოფიცაა, რომელიც, ფაქტობრივად, უსახსროდაა დარჩენილი. ანალოგიურ სიტუაციაში არიან ის ოჯახები, რომლებიც სასტუმროებში ცხოვრობენ და მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ. ისინი ამბობენ, რომ მერიის მიერ მოტანილ წიწიბურასა და მაკარონს ვერ ხარშავენ, რადგან სასტუმროებში გაზი არ არის.
მანამდე "აფხაზეთის ხმა", თვითმხილველებზე დაყრდნობით წერდა, რომ ზოგიერთ სასტუმროში, სადაც სტიქიით დაზარალებულები არიან გადანაწილებული, ადმინისტრაცია შესახლებულებს არ აძლევდა უფლებას, მოქალაქეებისგან ინდივიდუალურად მიეღოთ დახმარება.
„გამორთეთ კამერა, კომენტარს არ ვაკეთებ“, - ასე პასუხობს თბილისის მერი „კურიერის“ ჟურნალისტის შეკითხვას დაზარალებულთათვის თანხის განაწილების შესახებ, რაზეც შეთანხმება საკრებულომაც ვერ შესძლო. საკრებულოში, მთელი დღის განმავლობაში, დახურულ კარს მიღმა მსჯელობის შემდეგ მათ მხოლოდ სამუშაო ვარიანტის მიღება მოახერხეს.