
13 ივნისს დაღუპული 24 წლის მარი ქუთელიას ბოლო მიმოწერა მეგობართან, ნათია გელაშვილთან „იმედის კვირამ“ გაასაჯაროვა. მიმოწერიდან ჩანს, რომ მარი საფრთხეს გრძნობდა და მეგობარს ჯერ წვიმის ხმაურის აუდიო გაუგზავნა, მერე კი ხუმრობით - ვერტმფრენის გამოგზავნას სთხოვდა.
„მოწყვეტილი ვართ სამყაროს... აქ ვართ ჩარჩენილები... ახლა ივლიტამ გადაიხედა და ხე წაიღო მდინარემ.. . რომ განახა, ივლიტა სად ცხოვრობს...“ - ეს იმ მესიჯების ერთობლიობაა, რომელსაც ნათია გელაშვილი მარისგან 23:56 სთ-მდე იღებდა. ეს ის დროა, როცა კავშირი გაწყდა ან, უბრალოდ, მარის მესიჯებისთვის აღარ ეცალა - ის, ივლიტა ჯიბუტი და ამ უკანასკნელის მეუღლე სახლის სახურავზე ავიდნენ, რადგან წყლის დონე თანდათან მატულობდა.
სახურავზე ასვლამდე სამაშველოში რეკავდნენ არამარტო სახლში მყოფები, არამედ ისინიც, ვინც ამ სახლში მყოფთა მდგომარეობას „ფეისბუქზე“, მუსია ქებურიას მიერ გამოქვეყნებული ფოტოებითა და მინაწერებით ადევნებდა თვალს. ქებურია ფოტოებს დებდა, საიდანაც კარგად ჩანდა შექმნილი ვითარების სირთულე. როგორც მასთან დაწერილი კომენტარებიდან ირკვევა, 112-ში ზარებზე ან არ პასუხობდნენ გადატვირთვის გამო, ან ეუბნებოდნენ, რომ ამ სახლებზე ინფორმაცია მათაც იციან, მაგრამ ვერტმფრენები არ ჰყავთ.
გვყავდა თუ არა ვერტმფრენები? მამუკა კუდავამ იმ ვერტმფრენებთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს გამოთქმული შეფასებები და კომენტარები შეკრიბა, რომლებიც საქართველოში 2013 წელს ჩამოვიდა.
საუბარია ევროკოპტერებზე, რომლებიც მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ხოლო შემდეგში მისმა შემცვლელმა ირაკლი ღარიბაშვილმა „სააკაშვილის ახირებად“ მონათლეს.
ივნისი, 2010. 3 ევროკოპტერის ყიდვის კონტრაქტის ხელმოწერა, ორმაგი სამხედრო-სამოქალაქო დანიშნულებით. მსოფლიოში საუკეთესო მახასიათებლები: სამაშველო ოპერაციები და ტრანსპორტირება ღამის ხედვით, წვიმაში, ძლიერ ქარში, ქალაქში, მთაში, წყალზე.
სექტემბერი, 2013. ივანიშვილი: სააკაშვილს ორი ვერტმფრენი ემსახურება. ორივე მათგანი მხოლოდ ერთ ადამიანზეა მორგებული. ჩვენ ჩამოყვანა არ გვინდოდა ამ ევროკოპტერების და ვერ გავყიდეთ, ადგილზევე დავტოვეთ საფრანგეთში. მაგრამ იქ შენახვა ძვირი გვიჯდებოდა და ჩამოვიყვანეთ. სამაგიეროდ ვცდილობთ იაფად აღვადგინოთ ძველი (რუსული) ვერტმფრენები.
სექტემბერი, 2013. პრეზიდენტი სააკაშვილი: საქართველოს ახლა ჰაერივით ჭირდება ვერტმფრენი. ჩვენ ვართ მაღალმთიანი ქვეყანა, ახლა ვიყავი მთაში, იქ რომ რამე მოხდეს, ერთი ვერტმფრენი არა ჰყავს, რომელიც ავა და, მაგალითად, გამოიყვანს სადმე გაჭედილ მოგზაურს ან გადაიყვანს თუნდაც ჯარის ნაწილს ან პოლიციის ნაწილს.
სექტემბერი, 2013. ეკონომიკის მინისტრი კვირიკაშვილი: სამწუხაროდ, ვერტმფრენების გაყიდვა ვერ მოხერხდა. შესაძლოა მოინახოს მათი დანიშნულება ქვეყნის შიგნით. სასაზღვრო ძალებისა და ასევე შიდა მოხმარებისთვის. უფრო დაბალფასიანი გაცილებით მეტი ვერტმფრენის შეძენა შეიძლება. ეს არის, რაც ჩვენ დაგვხვდა და სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ, ალბათ, ამ ვერტმფრენებს ქვეყნის შიგნით მოვიხმართ. ჩვენ გვინდოდა, რომ ისინი გაგვეყიდა და ამ ფულით გვეყიდა რაოდენობით უფრო მეტი ვერტმფრენები, რათა გადაგვეცა ჯანდაცვის სექტორისთვის, შსს-სა და თავდაცვის სამინისტროსთვის.
ნოემბერი, 2014. პრემიერი ღარიბაშვილი: ჩვენდა სასირცხვილოდ პრეზიდენტი სააკაშვილი 40 მილიონად ყიდულობდა 2 ვერტმფრენს საკუთარი საჭიროებისთვის. ეს იმ დროს, როდესაც ჩვენ მესაზღვრეებს არ ყავდათ ვერტმფრენები. ჩვენ დროს სრულად გარემონტდა (რუსული) ვერტმფრენები, აღიჭურვა ტექნიკით და ამაში დამატებით დაიხარჯა 7 მილიონი ლარი.
22 ივნისი, 2015. თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი: დავუშვათ, გვყავს სამაშველო ვერტმფრენი, მერე? ... ეს არ არის ის ვერტმფრენი, რომელიც ფუფუნებისთვის იყიდა. ისიც ვნახე დღეს, ზუსტად ისე დგას, როგორც ჩამოიტანეს, ცელოფნებით და უძვირესი ვისკის ჭიქებით სავსე ყუთებით.
23 ივნისი, 2015. შინაგან საქმეთა მინისტრი გომელაური: „სუპერ პუმას“ ტიპის ფრანგული ვერტმფრენები ორ წელიწადზე მეტია უძრავად დგას და შემოწმება სჭირდება. ვერტმფრენები გადაცემულ იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და გამოიყენება სამაშველო სამსახურისთვის.
23 ივნისი, 2015 თავდაცვის სამინისტროს განცხადება: შეიარაღებული ძალების საფრენოსნო პარკში არსებული ვერტმფრენების როტორის რადიუსი და უსაფრთხოების წესები მოითხოვს დაბრკოლებებისაგან თავისუფალ ზონას, არანაკლებ 25 მეტრის რადიუსით. შესაბამისად, სტიქიის ეპიცენტრში, სვანიძის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობი, ელექტროგადამცემი ხაზების ქსელი და მაღალი ხეები არამარტო ხელს უშლის ვერტმფრენიდან სამაშველო სამუშაოების განხორციელებას ღამით და დიდი ნალექის პირობებში, არამედ შეუძლებელს ხდის ვერტმფრენის ოპერირებას დაბალ სიმაღლეზე, დღისა და თუნდაც, ხელშემწყობ მეტეოპირობებშიც კი. რაც შეეხება ზოოპარკისა და მზიურის რაიონებს, აქ მთავარ შემაფერხებელ გარემოებებს ელექტროგადამცემ ხაზებთან, დაბალ ხილვადობასთან და ძლიერ წვიმასთან ერთად ხშირი და მაღალი ხეები წარმოადგენდნენ.
24 ივნისი, 2015. თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი: ვინმეს თუ აქვს მაზოხისტური მოთხოვნილება, რომ ის ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო იმ დღეს და მსხვერპლი გაცილებით მეტი ყოფილიყო, ჩვენ ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. არ ვისურვებდი შსს-ს ადგილზე ყოფნას, იმ ხარჯიდან გამომდინარე, რაც ნებისმიერი ტიპის სამაშველო და პოლიციური მისიის შესრულებისას მოუწევს გაიღოს უწყებას ამ ევროკოპტერებისთვის.
ამ ქრონიკიდან კარგად ჩანს, რომ ამ მთავრობის პირობებში მარიამს და ივლიტას გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ - ვერტმფრენს არავინ გაუგზავნიდა (შესაძლოა სხვა დაღუპულებიც იყვნენ სახურავზე, არ ვიცი).
პ.ს. ინფორმაციისთვის: მაშინ, როცა „საქართველოს ევროკოპტერების ქონის ფუფუნება არ შეიძლება ჰქონდეს“ (ივანიშვილი), მას საკუთარი ევროკოპტერი უკვე 10 წელია ჰყავს. პრემიერმა ღარიბაშვილმა ივანიშვილთან კარიერა სწორედ ფრანგული ვერტმფრენის შეძენით დაიწყო.“
ვიდეო: ფრაგმენტი "იმედის კვირაში" გასული სიუჟეტიდან