
კოკისპირული წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ვერემ თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი დატბორა. დაღუპულია 15 ცხოველი.
თავშესაფრის თანამშრომლებმა მოვარდნილ წყლის ნაკადთან ბრძოლა თავდაპირველად თავიანთი ძალებით დაიწყეს, მათ სასწრაფოდ გააღეს იმ ცხოველთა ვოლიერები, რომლებიც ხევთან ახლოს იყო განლაგებული, რამაც ცხოველთა შორის მსხვერპლი მინიმუმამდე დაიყვანა.
წყალმა, ძირითადად, ის ტერიტორია დატბორა, სადაც ავადმყოფი ძაღლების ვოლიერები იყო განთავსებული, თუმცა, თანამშრომლებმააქაც იმარჯვეს და ავადმყოფი ცხოველების უმეტესობა მეორე სართულზე აიყვანეს. ამის მიუხედავად, რამდენიმე ვოლიერი წყალმა გაიტაცა.
სამაშველო სამსახური სტიქიის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა. თავშესაფარში იმ მომენტისთვის 450-დე ძაღლი იმყოფებოდა. ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედებით თავშესაფრის თანამშრომლებმა და მაშველებმა უამრავი ცხოველი გადაარჩინეს.
საფრთხე დაემუქრა ასევე თავშესაფარში მყოფ დათვებს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მათ გალიებს წყლით დაფარვა ემუქრებოდა, რის გამოც ცხოველები გისოსებს ჩაეჭიდნენ, დრუნჩი ზედა გისოსებში გაჰყვეს და თითქმის ყელამდე წყალში ჩამდგარი, ასე სუნთქავდნენ, თუმცა, ცოტა ხანში წყლის ნაკადისთვის მიმართულების შეცვლა მოხერხდა და გალიებშიც წყლის დონემ იკლო.
„აფხაზეთის ხმა“ თავად თამაზ ელიზბარაშვილსაც ესაუბრა: „საშინელება იყო: მორები, ქვები, ტალახი, თავშესაფარი დატბორილია, ვოლიერები - განადგურებული. საბედნიეროდ, ტრაგედიის იმ მასშტაბებს გადავრჩით, რისი საშიშროებაც არსებობა“, - განაცხადა მან.