
„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ „რეფორმატორთა კლუბის“ ანალიზს საქართველოში ეკონომიკური კუთხით შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
„საწარმოო ფაქტორები - რატომ შემცირდა ეკონომიკური აქტივობა ეკონომიკური რეცესიის მრავალი მიზეზი მოვისმინეთ/წავიკითხეთ. შევეცდებით ეკონომიკური ანი-ბანის გახსენებით მარტივად შევხედოთ შექმნილ ვითარებას და დავინახოთ რეალობა. საწარმოო ფაქტორები - ეს არის რესურსების ერთობლიობა რომელიც საჭიროა დოვლათის (მომსახურებისა და საქონლის) შექმნისათვის. კლასიკური განმარტებით საწარმოო ფაქროებია: მიწა, შრომა და კაპიტალი.
ეკონომიკური თეორიის განვითარებასთან ერთად საწარმოო დამატებით ახალ ფაქტორად - Enterprise/Entrepreneurship - საწარმოს(მეწარმეობას) განიხილავენ. მიწა - ამ საწარმოო ფაქტორში იგულისხმება ყველაფერი რაც ადამიანის მიერ არ არის შექმნილი, მაგალითად: მიწა (მ.შ სასოფლო-სამეურნეო), ბუნებრივი რესურსები (ნავთობი, ბუნებრივი აირი), მდინარეები, კლიმატი და ა.შ. შრომა - ადამიანის (პროფესიონალი/არაპროფესიონალი) ფიზიკური ან ინტელექტუალური გარჯა(შრომა), რომელიც ანაზღაურებადია.
კაპიტალი - ფინანსური, უძრავი, მოძრავი და საბრუნავი საშუალებები (მაგ: შენობა, საწარმო დანადგარები, მანქანები და ა.შ) ასევე, ვენჩორული(სარისკო) კაპიტალი - (სარისკო ინვესტიცია განხორციელებული მოგების მიღების მიზნით). ახალი ხელისუფლება და საწარმოო ფაქტორები საწარმოო ფაქტორებისადმი ცოტა გასაკვირი დამოკიდებულება აქვს ახალ ხელისუფლებას გავყვეთ თანმიმდევრობით.
მიწა - საკანონმდებლო ცვლილების შედეგად უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა აიკრძალა, რაც გულისხმობს რომ უცხოური ინვესტორებისათვის სოფლის მეურნეობის დარგში საწარმოო ფაქტორი მიწა საერთოდ ხელმიუწვდომელი გახდა!
გარდა ზემოთაღნიშნული შეზღუდვისა, ასევე შეიზღუდა მიწის მიზნობრიობის ცვლილების შესაძლებლობაც, კერძოდ: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში გადაყვანა.
თუ ამას დაუმატებთ იმ პრობლემებს, რომელიც ბოლო პერიოდში შეექმნათ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საკუთრებაში უკვე ფლობენ სასოფლო სამეურნეო მიწას, ადვილი მისახვედრია რომ აღნიშნული საწარმოო ფაქტორის ფლობა უცხოელებისათვის მაღალ რისკებთან გახდა დაკავშირებული, ხოლო ადგილობრივი მიწათმფლობელისათვის შეიზღუდა სასურველი(ხშირად ეკონომიკური საქმიანობისათვის უალტერნატივო) დანიშნულებით გამოყენება.
შრომა - შრომის კოდექსში შესული ცვლილებების შესაბამისად, ყველა თანხმდება რომ დამსაქმებლის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა! შესაბამისად წარმოების ფაქტორმა - შრომამ ასევე დამატებითი რისკები შეიძინა. კაპიტალი - აწეული გადასახადები (მაგ: მინერალური წყალი, თამბაქო) აღსრულებაზე 6 თვიანი მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივა (მიღებული პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით), კაზინოების აკრძალვის ინიციატივა, ახალი ბიუროკრატიული სტრუქტურების შეხმნა, ახალი რეგულაციები და ა.შ - ყოველივე ზემოთჩამოთვლილი და სხვა მრავალი ფაქტი მეტყველებს იმაზე რომ დამატებითი რისკი აღნიშნულ საწარმოო ფაქტორმაც არა ერთ მიმართულებით შეიძინა, ზოგჯერ პირდაპირი ფინანსური ზარალიც გამოიწვია არსებული ბიზნესისათვის.
მეოთხე საწარმოო ფაქტორს, როგორც ზევით ავღნიშნე Enterprise/Entrepreneurship - საწარმო(მეწარმეობა) წარმოადგენს. აღნიშნულ ფაქტორში მოიაზრება ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი რომლებსაც აქვთ იდეა და სურვილი მოგების მიღების მიზნით შექმნან დოვლათი (საქმონელი ან მომსახურება), რისთვისაც მათ უწევთ ორგანიზება გაუწიონ მანამდე ჩამოთვლილ სამ საწარმოო ფაქტორს (მიწა, შრომა, კაპიტალი).
შესაბამისად აფასებენ ყველა რისკს და შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას ბიზნესის წამოწყება არ წამოწყების შესახებ. თუ გავითვალისწინებთ რომ, ზოგ შემთხვევაში საწარმოო ფაქტორები ხელმიუწვდომელი გახდა, ხოლო ყველა საწარმოო ფაქტორთან დაკავშირებული რისკი საგრძნობლად გაიზარდა, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს რომ ზუსტად აღნიშნულმა შეცდომება, გაუაზრებელმა ცვლილებებმა, დაუსაბუთებელმა ინიციატივებმა, ბიუროკრატიისა და რეგულაციების ზრდამ იქონია გადამწყვეტი როლი ეკონომიკურ აქტივობის შემცირებაზე.
რეფორმატორთა კლუბი.“