-
2015-05-26 22:29
საზოგადოება „ივერიის“ ერთერთი დამფუძნებელი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ნაცმოძრაობიდან წასულ დეპუტატებთან „ივერიას“ წარსულსა და აწმყოში არანაირი კონსულტაცია არ ჰქონია.
„არჩევანში“ საუბრისას გრიგოლ ვაშაძემ წამყვანის შეკითხვაზე, შეხვდნენ თუ არა კიევში ყოფნისას „ოთხეულის“ წევრები „ივერიის“ ერთერთ დამფუძნებელს მამუკა კუდავას, განაცხადა, რომ თუ ასეთი შეხვედრა შედგა, ეს პირადი კონტაქტებიდან გამომდინარე იქნებოდა და არა პოლიტიკური ნიშნით: „საერთოდ, შეთქმულების თეორიები არ უნდა ავაგოთ“, - თქვა გრიგოლ ვაშაძემ.
„პატიოსან სიტყვას გაძლევთ, „ივერიის“ წარმომადგენლებს ამ პატივცემულ დეპუტატებთან არანაირი კონსულტაცია არ ჰქონიათ არც წარსულში და არა აქვთ არც აწმყოში. შეიძლება თუ არა მომავალში მოხდეს ასეთი კონტაქტი? შეიძლება, ისევე, როგორც ნებისმიერ პროდასავლურ ძალასთან.
თუ ფანჯრიდან გავიხედავთ, გაცილებით ტრაგიკული ამბები ხდება, ვიდრე ოთხი დეპუტატის პარტიიდან და ფრაქციიდან წასვლაა, როცა ეროვნული ვალუტა ქუჩაში გდია, ბიუჯეტი გარღვეულია, საგარეო პოლიტიკა პრაქტიკულად არ გვაქვს...“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ „არჩევანში“ საუბრისას.