
„საკმარისია ჩვენი ტოლერანტობა! ღმერთმა ნუ ქნას, რუსეთში საქართველოს დროშით მანქანა დავინახო!“, - ასე გამოეხმაურა რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ მალძიხოვი საქართველოში „გეორგიევსკის ლენტით“ შესვლის წარუმატებელ მცდელობას.
მალძიხოვს „გეორგიევსკის ლენტიანი“ მანქანით საქართველოში შესვლის ორი მცდელობა ჰქონდა და ორივე უშედეგო აღმოჩნდა: ის ქართველმა მებაჟეებმა არ გაატარეს. პირველად მალძიხოვი საზღვრის გადაკვეთას 9 მაისს ცდილობდა, ხოლო მეორედ - რამდენიმე დღის წინ.
ამასთან, პირველ შემთხვევაში მან აგრესიული სტატუსი „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა, მეორედ კი ფარული კამერით გადაიღო, როგორ ეუბნება უარს საზღვრის გავლაზე ქართველი მებაჟე.
ვიდეოს აღწერაში რუსეთის მოქალაქე წერს, რომ 112-ზე დარეკა, სადაც ურჩიეს, ყველაფერი მესაზღვრეებთან გაერკვია, რის შემდეგაც, მალძიხოვის თქმით, უარი განაცხადა ლენტის მოხსნაზე და რუსეთის მიმართულებით გაბრუნდა.