-
2015-05-17 00:25
ჩეჩნეთში, მოქალაქეთა მდგომარეობის აქტების ჩამწერ ბიუროში ოფიციალური ხელისმოწერით ცოლ-ქმრად დარეგისტრირდნენ 17 წლის ლუიზა გოილაბიევა და 46 წლის პოლიციის უფროსი ნაჟუდ გუჩიგოვი.
ადგილობრივი უფლებადამცველების აზრით, რომ არა ატეხილი ხმაური, ხელმოწერა არ შედგებოდა და 17 წლის არასრულწლოვანი პოლიციის უფროსის არაოფიციალური ცოლი გახდებოდა. გუჩიგოვს უკვე ჰყავს ერთი ცოლი, მაგრამ პასპორტში შესაბამისი შტამპი პირველად ჩაურტყეს, რადგან პირველ ცოლთან ქორწინება რეგისტრირებული არ არის.
ხელმოწერის ცერემონიალზე 17 წლის პატარძალს ერთხელაც არ გაუღიმია, ის უხალისოდ ასრულებდა მითითებებს, სამაგიეროდ, კარგ განწყობაზე ჩანდნენ სიძის მეგობრები და თავად სიძე, ასევე, გოგონას ოჯახის წევრებიც.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილში, რომელიც შაბათს გაიმართა, ჩეჩნეთის პირველი პირი რამზან კადიროვი მივიდა და ლეკურიც დაუარა. მანამდე კადიროვმა, ატეხილი ხმაურის შემდეგ ამ წყვილთან დაკავშირებით კომენტარისას პუშკინის სიტყვები გამოიყენა: "Любви все возрасты покорны".




