-
2015-05-14 22:58
რუბრიკით "ერთი ლექსი" "აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ ზუგდიდელი უნიჭიერესი ახალგაზრდა პოეტის თემურ ელიავას ლექსს "სიმაღლეა განცდის", რომელსაც უდიდესი ემოციით თავად ავტორი კითხულობს.
ხელოვნებათმცოდნე ნონა ფიფია:
"აქ იმდენი ქვეტექსტია,რომ ზედაპირული ადამიანები უღმერთობასაც კი აბრალებენ...არა და,სწორედ რომ უღმერთობისა და უკუღმართი ყოფის მიმართ პროტესტია აქ მოცემული ,,ტყუილისა და დოგმების უჩვეულო ეპოქის”მხილება,ჩვენი სავალალო რეალობა.
,,მეამბოხე პოეტი”ხმის ჩახლეჩამდე გვაფხიზლებს...ვერ ეგუება მგლური ცხოვრების წესს,იძულებულია საკუთარი მაჯები დაიფატროს,ხაიამის დოქებში ეძიოს თავდავიწყება,უფრო მეტიც,თითებიც კი დაიჭრას, ოღონდ ცრუ ღმერთებს არ სცეს თაყვანი...
ცათამბჯენის აივნის სიმაღლიდან(ამ თანამედროვე ბაბილონის გოდლიდან)კი აბა რას გაიგებ,ეს სიმაღლე ღვთაებრვი განცდისაა თუ ,უბრალოდ,ზნეობრიობისაგან გაძარცვული ადამიანს მიერ შეკოწიწებული ცრუ სიმაღლე...თემურ ელიავას უტყუარი პოეტური ინტუიცია კი გრძნობს ამას...გრძნობს და გვაფხიზლებს!!"
სიმაღლეა განცდის
სიმაღლეა განცდის ან სიმაღლეა აივნის,
ხაიამის დოქები არასოდეს მეყოფა,
ძარღვებს სისხლი გასდის და სურდოსავით გამივლის,
ტყუილი და დოგმების უჩვეულო ეპოქა...
ოდესმე თუ მორეჩებით ამინდებზე საუბარს,
ყველაფერზე პასუხობთ, არაფერი... ისე რა!
მე კი იმის ნაცვლად რომ დუმილს მხარი ავუბა,
ღამე მგლების ყმუილზე ეშვით მაჯებს ვისერავ...
კარებს წიხლით დავაღებ, ნიავდება ნამუსი,
ნუ იცინი, ვინ იცის, იქნებ მართლა შემომრჩა,
ჯალათების გარშემო, მსჯავრდებულის სტატუსი,
ეშაფოტზე ავდივარ, მერე ფრთებსაც შემბოჭავს,
ზეცა მისი სილურჯით, ახლა მორჩა, ვსრულდები,
უჯრედები მელევა, ვემსგავსები ამებას,
ბნელ ჩიხებში მხვდებიან დაკარგული სულები,
გამო მერე თაყვანი ეცი ეულ სამებას,
მე კი თითებს მოვიჭრი, არასოდეს ვილოცებ,
გამიქრება ნამუსი, მისი ქენჯნაც გამივლის,
ვერასოდეს მიხვდები ცათამბჯენის ტილოზე,
სიმაღლეა განცდის თუ სიმაღლეა აივნის...
მეგობარო, გაგიმხელ - ახლა როცა მტერი ხარ,
სადღაც ჯიბის სიღრმეში ჩამალული მონეტით,
როცა შემორჩებოდა ქალაქს შავი მტრედიღა,
დაგეძებდა ქუჩებში მეამბოხე პოეტი.
გაჰყვიროდა მთელი ხმით, მონატრებულ სახელებს,
დაწყვეტილი ნერვებით, ჩახლეჩამდე იოგების,
ახლა ნაცვლად ღიმილის, შავი სისხლით მახველებს,
და ნუგეშად მიწყვია ხაიამის დოქები...
ყველაფერზე ვპასუხობ: არაფერი... ისე რა!
სიმაღლეა განცდის თან სიმაღლეა აივნის,
ღამე მგლების ყმუილზე, ეშვით მაჯებს ვისერავ
ძარღვებს სისხლი გასდის და არასოდეს გამივლის.
ის რაც ადრე მარტივად, მირჩებოდა მარილის
ეშვზე მოყრის გარეშე, შენი იყო, კაპიტან!
რამდენიმე წუთიც და მაჯისცემა გამივლის,
მანადე კი როგორმე გულისცემას ავიტან...
