
მას შემდეგ, რაც თბილისში, რუსი ბაიკერების მოტოციკლებიდან ე.წ. "გეორგიევსკის ლენტების" ჩამოხსნისა და რუსეთის სახელმწიფო დროშის დაჭრის გამო "თავისუფალი ზონის" ორი აქტივისტი პოლიციამ დააკავა, ბაიკერებს წინააღმდეგობა მოქალაქეების მხრიდან სიღნაღშიც შეხვდათ.
მოქალაქე ინგა არახამიამ, რომელიც შემთხვევით შეხვდა ბაიკერებს, მათ "გეორგიევსკის ლენტების" მოხსნა მოსთხოვა. "ჩვენ მესაზღვრეებმა გამოგვატარეს, ყველა კითხვა მათ დაუსვით", - უთხრეს ბაიკერებმა მოქალაქეს.
შეკითხვაზე: "რატომ გაქვთ დამაგრებული ლენტი, რომელიც ჩემს ქვეყანას შეურაცხყოფს?" რუსმა ბაიკერებმა უპასუხეს: "ჩვენ ეს ლენტი მოგვწონს".
"ჩამოხსენით ლენტები, ის ჩემი ქვეყნის ოკუპაციის სიმბოლოა, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ჩამოვხსნი მათ", - უთხრა ბაიკერებს არახამიამ, რის შემდეგაც ერთი ლენტი ჩამოხსნა.
ლენტის ჩამოხსნამ აგრესია გამოიწვია ბაიკერებში - მათგან ერთმა არახამიას ხელი მოუქნია. როგორც ვიდეოდან ჩანს, არახამიას მობილური დაზიანდა, ხოლო საქართველოს მოქალაქე რუს ბაიკერებს პოლიციაში დარეკვით დაემუქრა.