-
2014-02-05 23:47
2 თებერვალს გარდაცვილ 16 წლის მარიამ ჩავლეიშვილს 6 თებერვალს, გურიაში, სოფელ ბუკნარში დაკრძალავენ. ცხედარი ჩოხატაურის რაიონში თბილისიდან 4 თებერვალს გადაასვენეს.
ექსპერტიზის საბოლოო პასუხი, რომელმაც გოგონას სიკვდილის მიზეზი უნდა დაადგინოს, დაახლოებიტ თაბერვლის შუა რიცხვებისთვის გახდება ცნობილი. როგორც მსგავს შემთხვევებში ხდება, გოგონას გარდაცვალების შემდეგ სიკვდილისწინა გარემოებების დადგენისას, სხვადასხვა სურათი იკვეთება.
სხვადასხვაგვარია გოგონას გარდაცვალების შესახებ არსებული ვერსიებიც. როგორც „აფხაზეთის ხმისთვის“ გახდა ცნობილი, თავდაპირველად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრული საქმის გამოძიება რამდენიმე ვერსიას ამუშავებს:
ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, გოგონა კლასელებთან ერთად ერთ-ერთი მეგობრის სახლში იმყოფებოდა. ჩავლეიშვილი მეგობრის სახლიდან ღამით რამდენიმე წუთით გავიდა, თუმცა უკან აღარ დაბრუნებულა. მეგობრებმა კი, რომლებთან ერთადაც იგი იმყოფებოდა, ჩათვალეს, რომ მარიამ ჩავლეიშვილი სახლში წავიდა და ძებნა აღარ დაუწყეს.
თუმცა, გამოძიება, სავარაუდოდ, იმ კითხვაზე ეძებს პასუხს, როგორ აღმოჩნდა გოგონას ცხედარი ლიანდაგებს მიღმა, უკაცრიელ ადგილას. ერთადერთი, რაზეც გამოძიებას დღეისათვის პასუხი აქვს (ან, რაც საჯაროდაა ცნობილი), ისაა, რომ გარდაცვლილს ზალადობის კვალი არ აღენიშნებოდა.
არაა გამორიცხული, სახლში მიმავალ მარიამს ფერდობის გადავლისას ფეხი დასცურებოდა, გადავარდნილიყო, თავი ყინულზე დაერტყა და გონება დაეკარგა. იმის გამო, რომ იგი გზისპირიდან არ ჩანდა, მეგობრები კი მარიამს არ ეძებდნენ, გოგონა ვერავინ შეამჩნია და გონდაკარგული, გაიყინა.
ამასთან, გავრცელდა ხმები, რომ სამართალდამცველებმა მარიამ ჩავლეიშვილთან ერთად იმ დღეს მყოფი თანატოლი ბიჭებიდან ორი დააკავეს, რადგან მათ საპირისპირო ჩვენება ჰქონდათ მიცემული.
„აფხაზეთის ხმამ“ ეს ფაქტი შსს–ში გადაამოწმა. პრესსამსახურში განაცხადეს, რომ მარიამ ჩავლეიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, ეჭვმიტანილის სტატუსით არავინ დაუკავებიათ.
მარიამ ჩავლეიშვილი, თბილისში მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. ოჯახი წარმოშობით, ჩოხატაურის რაიონ სოფელ ბუკნარიდანაა.
გოგონა კერძო სკოლა „დავითიანის“ მოსწავლე იყო. გარდაცვლილ მეგობარს თანატოლები გულისამაჩუყებლად დაემშვიდობნენ. „ფეისბუქში“ მარიამის მეგობრებმა ტკივილი ლექსადაც გადმოსცეს და ის მარიამს მიუძღვნეს...
