-
2015-03-17 10:51
სოციალურ ქსელებში აქტიურად ზიარდება ნუგზარ წიკლაურის მიმართვა ბიძინა ივანიშვილისადმი, რომელიც საქართველოს პარლამენტში ივანიშვილის მოხსენების შემდეგაა ჩაწერილი. იმ დროს ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერმინისტრი იყო.
„მე ვფიქრობ, რომ დღევანდელმა თქვენმა გამოსვლამ დაადასტურა, რომ თქვენ არამხოლოდ პატივს არ სცემთ იმ გარდაქმნებს, რომლებიც ამ ქვეყანაში მიმდინარეობდა წლების განმავლობაში, არამედ პატივს არ სცემთ თქვენს დაპირებებსა და იმ პროგრამას, რომელიც წარუდგინეთ ქართველ ხალხს.
დღეში რამდენჯერმე იცვლება თქვენი პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით:
თავდაპირველად ამბობდით, რომ ამერიკაში წახვიდოდით პირველი ვიზიტით, ახლა აღმოჩნდა, რომ ევროპაში უნდა წახვიდეთ;
ამბობდით, რომ გადასახადები ელვისებურად დაიწეოდა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ასე არ არ მოხდება;
ამბობდით, რომ საპროცენტო განაკვეთი ერთი, ორი ან მაქსიმუმ, სამი პროცენტი იქნებოდა, აღმოჩნდა, რომ ასე არ არის;
ვერაფერზე ვერ ასახელებთ თარიღს, თუ როდის შესრულდება ესა თუ ის დაპირება;
ამბობდით, რომ ხიდს დაანგრევდით, ახლა აღარ ვიცით ამაზე თქვენი პოზიცია;
ამბობდით, რომ პრეზიდენტი უნდა გადამდგარიყო, შემდეგ ამბობდით, რომ არ უნდა გადადგეს...
როგორ შეიძლება, თქვენ ადამიანმა დაგიჯეროთ, როგორ შეიძლება, თქვენნაირი ცვალებადი ფსიქიკის ადამიანს დაუჯეროს კაცმა?
ეს ქვეყანა თქვენი გასართობი კი არ არის, ეს არის ჩვენი სამშობლო და გარწმუნებთ, რომ ამ ქვეყანას არავითარ შემთხვევაში ხელში არ ჩაგაგდებინებთ იმ თვალსაზრისით, რომ ის რეფორმები, ის მოდერნიზაცია, რომელიც ამ ქვეყანაში იყო, წაიყვანოთ იქეთკენ, საიდანაც თქვენ ჩამობრძანდით ამ ცხრა წლის წინ:
საქართველო რუსეთი არ გახდება და საქართველო იქნება დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა. გქონდეთ იმედი, რომ ქართული პატრიოტული ელიტა არნახულ შეკავშირებას მოახდენს ერთმანეთთან იმისათვის, რომ თქვენი, ამ ტიპის გეგმები არ განგახორციელებინოთ...