-
2014-02-04 22:03
ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ტრადიციებსა და რწმენას პატივს სცემს, მაგრამ საზოგადოებაში უნდა გადაილახოს ის დამოკიდებულება, თითქოს ეკლესიის თემა ტაბუდადებულია.
ამის შესახებ არასამთავრობო სექტორში გადასულმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, სუროგატი დედების შესახებ საკითხი ის საკითხია, რომელიც „დებატირების პროცესს ექვემდებარება და საზოგადოებამ უნდა განიხილოს“, თუმცა დაამატა, რომ პირადად ვერაფერს ხედავს ცუდს, თუ ახალი სიცოცხლე მოევლინება ქვეყანას და ამ მიზნით საფრანგეთში ახლობლებსაც დახმარებია ფინანსებით, რომლებსაც ათი წელი შვილი არ ჰყავდათ.
ჟურნალისტის შეკითხვას, ეთანხმებოდა თუ არა იგი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გამოთქმულ აზრს, რომ ინ ვიტრო მეთოდით გაჩენილი ბავშვები განწირული არიან უსიყვარულობისთვის და პრობლემატური იქნებიან საზოგადოებისთვის, ბიძინა ივანიშვილმა მოკლედ უპასუხა: „რასაკვირველია, არ ეთანხმები!“, შემდეგ კი ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და დაამატა, რომ ეკლესიის კრიტიკაც საჭიროა და ამის არ უნდა შეგვეშინდეს.
„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით და მეც შევდივარ იმ ადამიანების რიცხვში, რომლებიც განსაკუთრებულ პატივს სცემენ საკუთარ ისტორიას, საკუთარ ტრადიციებს, საკუთარ ეკლესიას, ჩვენს მართმადიდებლობას, ქრისტიანობას, მე ტიპიურად რაც ჩემი მშობლებისგან მივიღე ესაა, ყველა შვილი განათლული მყავს და ასე შემდგომ.
რაღაც დონეზე ტრადიციებს ვიცავ და უდიდეს პატივს ვცემ, უდიდეს პატივს ვცემ თვითონ პატრიარქს, მე ვფიქრობ, რომ ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს და ძალიან მიყვარს, მაგრამ საზოგადოებამ უნდა გადალახოს ის ბარიერიც, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული და იქ რაც ითქმება, ეს აუცილებლად არის უმწიკვლო და ხელშეუხებელი.
პატრიარქი ბრძანებს თუ სხვა მსახური, ეს დამოკიდებულება ჩემი აზრით, არის ზედმეტად გაფეტიშებული და გადაჭარბებული და ჩემი აზრით ეს არ უნდა იყოს ასე; არ საჭიროებს ამას არც პატრიარქი, პირადად მას ამით ცუდ სამსახურს უწევენ და არ საჭიროებს არც ეკლესია.
ეკლესიაში, ჩემი აზრით, არის იგივე პრობლემები, რაც არის საზოგადოებაში. ყოველ შემთხვევაში ნაკლები არა, რაც ჩემი აზრით, ასეც უნდა იყოს, რადგან ეკლესიის მსახურნიც არიან ჩვენი საზოგადოების წევრები.
შესაბამისად, ისევე შეიძლება შეეშალოთ იქაც, ისევე შეიძლება მოხდეს დარღვევებიც და იყოს კრიტიკაც და არის კიდეც. კარგად ვიცით ჩვენ – ეს იქაც არის. ნუ გეშინიათ ამაზე საუბრის. ისინი საჭიროებენ კრიტიკას, მითითებასა და მინიშნებას.
დამოკიდებულება რაც არის, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული, ჩემი აზრით, არის შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისთვის.
ამ თემამაც იმიტომ გამოიწვია ის დიდი ვნებათაღელვა. პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს.
მან შეიძლება თქვას და ბრძანოს და ჩვენ არ გავიზიაროთ. არ გვინდა ეს დოგმები, ოდესღაც ეკლესია წამლების წინააღმდეგი იყო, მაგრამ დღეს წამლობენ მშვენივრად.
აქ საკამათო არაფერია. ჩემი გადმოსახედიდან საკამათო შეიძლება იყოს სუროგატი დედა, რაზეც კანონმდებლობას უნდა დახვეწა.
ძალიან ბევრი გაზარმაცებული ქალბატონი, რომელსაც შეუძლია თვითონ გააჩინოს, მაგრამ ურჩევნია ასე გააჩინოს.
სუროგაცია უნდა დახვეწონ კანონმდებლობით, ან უარი თქვან, სანამ დაიხვეწება. მე გავუკეთე ერთ–ერთი პირველი დახმარება ჩემს ძალიან ახლობელს საფრანგეთში, უსაყვარლესი შვილი ჰყავთ ახლა – ათი წელი შვილი არ უჩნდებოდათ. მე ამაში ვერაფერს ვხედავ ცუდს, როცა ახალი სიცოცხლე ჩნდება ქვეყანაში, მით უმეტეს, ჩვენი დემოგრაფიული პრობლემების გათვალისწინებით. ეს ის ტემაა, რომელიც დებატებს ექვემდებარება. საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, ჩემი აზრით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.