-
2015-02-16 11:01
ვაზაგაშვილის მკვლლეობის გახსნასთან დაკავშირებით ზოგიერთი პოლიტიკოსი უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს. ერთ-ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა ისიც კი განაცხადა, ნაციონალური ტრაგედიაა, რომ პოლიციელი დააკავესო, -ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან" განაცხადა.
მისი თქმით, ამ საქმის გახსნა იყო გამოწვევა როგორც პროკურატურის, ისე მთავრობისთვის.
,,კარგია, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა გაიხსნა და დააკავეს სავარაუდო შემსრულებელი. რაც შეეხება დამკვეთს, დაველოდოთ გამოძიებას. იური ვაზაგაშვილთან შეხვედრა ნამდვილად მქონდა და მომდევნო დღეებში კიდევ ერთ შეხვედრას ვგეგმავდით. ძალიან განვიცდი, რაც მოხდა. იური ვაზაგაშვილი მებრძოლი კაცი და მამა იყო, მან დიდი წვლილი შეიტანა იმ ცვლილებებში, რაც საქართველოში მოხდა 2012 წელს. აქვე ვიტყვი, რომ პროკურატურის ოპერატიულობა მისასალმებელია. ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ყველაზე საინტერესო დამკვეთია და დაველოდოთ გამოძიებას. ზოგიერთი პოლიტიკოსი უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებს.
ერთ-ერთმა ცნობილმა პოლიტიკოსმა ისიც კი განაცხადა, ნაციონალური ტრაგედიაა, რომ პოლიციელი დააკავესო. ვერც ერთ განვითარებულ ქვეყანას ვერ ნახავთ, სადაც პოლიციელს მძიმე დანაშაული არ ჰქონდეს ჩადენილი, გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. თუმცა, ზოგი პოლიტიკოსი სულ სხვა აქცენტებს აკეთებს, იმის ნაცვლად, რომ პროკურატურის საქმიანობაში პოზიტივი დაინახოს", - განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, ვაზაგაშვილის აფეთქების საქმეზე პოლიციელის დაკავების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ეს განცხადება გააკეთა: ,, ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გახსნა, მაგრამ მეორე მხრივ, ეს არის ეროვნული სირცხვილი, როდესაც პოლიციის თანამშრომელი, ნაცვლად იმისა, რომ იცავდეს ადამიანის უფლებებს, გეგმავს და ახორციელებს ასეთ საზარელ დანაშაულს“,- განაცხადა უსუფაშვილმა.