
ქუთაისში სამართალდამცველებმა 4 პირი დააკავეს. მათგან სამი არასრულწლოვანია. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდებს ჯგუფური ყაჩაღობა ედებათ ბრალად,-ინფორმაციას ,,რუსთავი 2" ავრცელებს.
ძალოვანი უწყების ვერსიას არ იზიარებენ დაკავებულების ახლობლები. მათი თქმით, მოზარდებს დანაშაული არ ჩაუდენიათ და პოლიციამ ისინი უკანონოდ დააკავა.
ადვოკატები სამართალდამცველების მხრიდან დაკავებულების ფიზიკურ შეურაცხყოფაზე და ზეწოლაზე საუბრობენ.
გვიან ღამით ქუთაისის სამხარეო პოლიციასთან მათ აქცია გამართეს.
,,ვნახე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და თქვა, რომ სცემენ. არასრუწლოვანი ხელბორკილით წამოიყვანეს სახლიდან და არც კანონიერ წარმომადგენელს შეატყობინეს, არც მშობლებს. ზეწოლის ქვეშ მიაცემინეს ჩვენება, თითქოს დანაშაული ჩაიდინა, იარაღი ჰქონდა და ასე შემდეგ," - განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, ნინო მეფარიშვილმა.
საუბარია, ტყიბულის რაიონის სოფელ კურსებში გასული წლის ნოემბერში მომხდარ ყაჩაღობაზე. მაშინ ბოროტმოქმედებმა მოხუცებული ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს და მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ.