
„აფხაზეთის ხმას“ დაუკავშირდნენ გურამ დონაძის ოჯახის წევრები, რომლებიც აცხადებენ, რომ ხვალ პროკურატურაში განცხადების შეტანას აპირებენ სოსო რობაქიძის წინააღმდეგ.
გურამ დონაძის მშობლები აცხადებენ, რომ სოსო რობაქიძის მხრიდან გურამ დონაძის მისამართით განხორციელებული ძალადობრივი მუქარა პირველი შემთხვევა არ არის, გარდა ამისა, სოსო რობაქიძე წლების განმავლობაში, სხვადასხვა ვერსიების გახმოვანებით ახდენს ზეწოლას გამოძიებაზე, ამიტომაც ოჯახი სოსო რობაქიძეს რამდენიმე სახის კანონდარღვევაში ამხელს:
უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა;
საჯარო შეურაცხყოფა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა;
არაერთგზის განხორციელებული ძალადობრივი მუქარა.
შეგახსენებთ, დღეს, პროგრამა „არჩევანში“ სოსო რობაქიძის გამოსვლის დროს მისივე თანხმობით ტელეფონით ჩაერთო გურამ დონაძე, რომელმაც განაცხადა, რომ არანაირი გამოძიება ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე არ მიმდინარეობს, ის დასრულებულია და საქმე გადაცემულია სასამართლოსთვის, სადაც სულ ოთხი სხდომა ჩატარდა. გურამ დონაძის თქმით, ყველასთვის ცხადია, რომ ბუტა რობაქიძე არც მიქაძეს და არც დონაძეს არ მოუკლავს, ხოლო იმ პოლიციელმა, ვისაც იარაღი გაუვარდა, სასჯელი უკვე მოიხადა.
გურამ დონაძის განმარტებებს სოსო რობაქიძის გაღიზიანება მოჰყვა:
„რას ჰქვია გაუვარდათ? ერთხელ მეც გამივარდება და ნახავ მერე, ვინ გიშველის, ნახევარი საათი რომ არავის არ მივუშვებ... მიიღოს ყველამ ეს თავის თავზე... ამათ რა აქვთ სალაპარაკო, სისხლებზე ზიან, რა...“, - თქვა მან, ხოლო გურამ დონაძის პასუხად, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება მიქაძის წინააღმდეგ, სოსო რობაქიძემ უპასუხა:
„მოდი აქ, მოდი, დაგელოდები... ნუ გეშინია, არაფერს არ გიზამ... კი, მართალი ხარ, დიდი ხნით ადრე უნდა ჩამჯდარიყავი ციხეში, ეს დაგვიანებულია, მაგრამ აგისრულდება მალე... ჯობია სახლში დაიბარო, ვერ მოვალთქო... შენ ძალიან კარგად იცი, ვინ მიიტანა იქ იარაღები და გირჩევნია, თქვა...“.