
ოლიციას პატიმარი სასამართლო დარბაზიდან გაეპარა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით 21 წლის დიმა ხაჩიაშვილი, რომელიც მოქალაქის დაჭრაშია ბრალდებული, პოლიციის თანამშრომლებს სასამართლო დარბაზიდან გაეპარათ.
გამოცემის ინფორმაციით, ვიდრე მოსამართლე პოლიციას განჩინებას გადასცემდა, პოლიციის თანამშრომლებმა პატიმარი სასამართლო დარბაზში, რკინის გისოსში ჩაკეტეს, გასაღები კი იქვე მაგიდაზე დადეს და დარბაზიდან გარეთ გავიდნენ. პატიმარმა გასაღების აღება, გისოსის კარის გახსნა და ფანჯრის გავლით გაპარვა მოახერხა. სასამართლო დარბაზში დაბრუნებულ პოლიციის თანამშრომლებს პატიმარი დარბაზში აღარ დახვდათ.
სასამართლო დარბაზიდან გაქცეული დიმა ხაჩიაშვილი საპატრულო პოლიციამ გუშინ, გვიან საღამოს, საგარეჯოს რაიონში, კახეთიდან თბილისისკენ მიმავალ ტაქსში აღმოაჩინა, მაგრამ ბრალდებულმა გაქცევა მოახერხა.
“რაც შეეხება დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც დიმა ხაჩიაშვილია ბრალდებული, რამდენიმე დღის წინ მოხდა. დიმა ხაჩიაშვილი რესტორანში მიიწვია მეგობარმა, რომელიც მან ინტერნეტით გაიცნო. რესტორანში ქეიფის შემდეგ, ახლადგაცნობილმა მეგობარმა მას სექსი შესთავაზა, რამაც მათ შორის ურთიერთშელაპარაკება გამოიწვია. გამოძიების ინფორმაციით, დიმა ხაჩიაშვილმა ახალგაზრდა მამაკაცს დანით ჭრილობა მიაყენა, მისი მანქანის საბურავებიც დააზიანა. დაჭრილი მამაკაცი გურჯაანის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია“, - წერს კახეთის საინფორმაციო ცენტრი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21 წლის დიმა ხაჩიაშვილი ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 118–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შსს–ს ცნობით, დიმა ხაჩიაშვილმა სოფელ ველისციხეში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა ახალგაზრდა მამაკაცი. „პოლიციამ ის მალევე დააკავა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. მან სასამართლოდან გაქცევა მოახერხა. შსს ატარებს ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს მის დასაკავებლად. ამასთან, პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას იმ პოლიციელების მიმართ, რომელთა დაუდევრობის გამო პატიმარმა გაქცევა მოახერხა“, – განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროში.