
"თქვენი მიშა ხომ ჩავდე კუბოში, ახლა როლანდის ჩავდებ!", - ამ შეძახილის თანხლებით ბაჩო ახალაიას წიგნის პრეზენტაციის პარალელურად "დაიცავი საქართველოს" წარმომადგენელმა კახა მიქაიამ ზუგდიდში აქცია გამართა. შეგახსენებთ, 2012 წელს მან ზუგდიდში "მიშას დატირება" კუბოს თანხლებით ჩაატარა და, როგორც ამბობენ, ნისიად აღებული კუბოს საფასური დღემდე არ გადაუხდია.
„სოხუმი - ჩემი იერუსალიმის“ პრეზენტაციის პარალელურად მანიფესტანტები ხელში ცოცხებით და კვერცხებით შეიკრიბნენ. მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს შენობაში შეჭრა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
დაპირისპირებისას დააკავეს „დაიცავი საქართველოს“ ორი წევრი - ალექსანდრე მოლაშხია და მურთაზ ლაგვილავა წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილეც, მათ შორის საკრებულოს წევრი კახა მიქაია. ადგილზე აუცილებელი გახდა სასწრაფო დახმარების მანქანის გამოძახებაც.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის და პარტიის რეგიონულმა მდივანმა თენგიზ გუნავამ " "ლაივპრესს" განუცხადა, რომ აქციაზე მოსახლეობა პრემიერის დავალებით და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით მოტყუებით მიიყვანეს, რისი დამადასტურებელი მასალებიც აქვთ და უახლოეს მომავალში მედიასაც მიაწვდიან.
დაახლოებით იგივეს ამბობს "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელი ანი ნადარეიშვილი:
“სკანდალური ჩანაწერები მომაქვს თბილისში, როგორ აგროვებდნენ ხელისუფლების დავალებით გამგებლები ხალხს აქციაზე მოსაყვანად ზუგდიდში, რათა ჩაეშალათ ბაჩოს წიგნის პრეზენტაცია. მთავარ როლში – გამგებლები”-წერს ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში.
თენგიზ გუნავასა და ანი ნადარეიშვილის ბრალდებები უარყო ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიამ. მისი თქმით, "აბსოლუტური სისულელეა, რომ ადამიანი დღეს სადმე მოტყუებით მიიყვანო. ეს არის პროტესტი ყოფილი ხელისუფლების, იმ ადამიანების, მისი იდიოზური ფიგურების მიმართ, რომლებმაც საქართველოს ცხრაწლიანი ჯოჯოხეთური მმართველობა მოახვიეს თავს".
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მხარდამჭერები, ბაჩანა ახალაიას ოჯახის წევრები და მეგობრები ბაჩო ახალაიას წიგნზე "სოხუმი - ჩემი იერუსალიმი" სასაუბროდ ფაიფურის უბანში, რესტორან „ნიკალაში“ შეიკრიბნენ. დარბაზში შეკრებილებს სიტყვით მიმართეს ბაჩანა ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა, მამამ როლანდ ახალაიამ, პარლამენტის წევრებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და ზუგდიდში ყოფილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
გამომსვლელებს შორის იყო ასევე ზუგდიდის მრავალპროფილური საავადმყოფი „რესპუბლიკას“ დირექტორი როლანდ ახალაია. მათ ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ყოფილი მინისტრის და მისი წიგნის შესახებ ისაუბრეს. სიტყვით გამომსვლელთა თქმით, ბაჩანა ახალაია ბავშვობიდან გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნიჭიერებით და სამშობლოს სიყვარულით, რაც მან მინისტრობის პერიოდშიც არა ერთხელ დაამტკიცა.
შეხვედრის ორგანიზატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მის მხარდამჭერებთან ერთად ეცადა პრეზენტაციის ჩაშლას, რაც არ გამოუვიდათ (წიგნის პრეზენტაციის ვიდეო).
კონტრაქციის ვიდეო ნახეთ ფანჯარაში (ორივე ვიდეომასალა "ლაივპრესისაა").