
თედორე იანუკოვიჩი – ვიქტორ იანუკოვიჩის მამა, მეორე მსოფლიო ომის დროს ბელორუსიის ქალაქ ვილეიკაში ვერმახტის პოლიციის უფროსი იყო.
ისტორიკოსებმა უკრაინაში შესაბამისი დოკუმენტებიც მოიძიეს. მათგან ერთი ვერმახტის ბრძანებაა მაცკის დასახლებული პუნქტისადმი, რომელიც მინსკიდან ჩრდილო–დასავლეთით მდებარეობს.
მასში ნათქვამია, რომ გლეხები ვალდებულნი არიან, ყოველდღიურად, ყოველი ძროხის მოწველისას მიღებული რძიდან სამი ლიტრი ჩააბარონ:
„პოლიციის უფროსს იანუკოვიჩს დაევალოს ამ ბრძანების შესრულებისთვის თვალყურის დევნება და მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუმორჩილებელთა დაკავება, რასაც უნდა მოჰყვეს რძის კონფისკაცია და უახლოეს მიმღებ პუნქტში მისი ჩაბარება“.
ქვეყნდება მეორე დოკუმენტიც, რომელიც უკვე შინსახკომს (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი, იგივე НКВД) ეკუთვნის. მასში ის პირებია ჩამოთვლილი, ვინც დეზერტირობასა და ნაცისტთა ჯარების ხელშეწყობაში დაადანაშაულეს.
მეხუთე ნომრად სიაში მითითებულია თედორე ვლადიმირის ძე იანუკოვიჩი – ვიტებსკის ოლქის სოფელ იანუკის მცხოვრები. აღსანიშნავია, რომ მისი ვინაობა, დაბადების ადგილი და თარიღი ზუსტად ემთხვევა იმ მონაცემებს, რაც გამოქვეყნებულია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე, ვიქტორ იანუკოვიჩის ბიოგრაფიაში.