
ზოგჯერ არაფერია იმაზე მომაბეზრებელი, ვიდრე წინასაახალწლო დღეებში ფრენა: უსასრულო რიგი, გადადებული რეისები, მოფუსფუსე ხალხი, დამღლელი ლოდინი...
მაგრამ ეს ყველაფერი გადაგავიწყდებათ, თუ თქვენ კანადური ავიაკომპანია WestJet-ის მგზავრი ხართ. რატომ?
აეროპორტის დარბაზში ავიაკომპანიის თანამშრომლებმა ეკრანი დაამონტაჟეს, რომლის მეშვეობითაც სანტასთან ლაივში გასაუბრება იყო შესაძლებელი. აბა, სანტას თუ სურვილები არ უთხარი, რაღა სანტაა და მგზავრებიც, დიდიან-პატარიანად, მას თავიანთ სურვილებს უთქვამენ - ეუბნებიან, რას ისურვებდნენ საშობაო საჩუქრად.
რა ხდება შემდეგ? ისეთი არაფერი - ცოტაოდენი ოცნების შემდეგ მგზავრები ყოველდღიურ რუტინას უბრუნდებიან, თვითმფრინავში ადიან, თვლემენ, იძინებენ და პრობლემებზე ფიქრობენ...
მაგრამ, სამაგიეროდ, WestJet-ის თანამშრომლებს არ სძინავთ და არც თვლემენ: ისინი საათს მოუთმენლად დასცქერიან და საყიდლებზე დადიან - ისინი სანტად გადაიქცნენ...
ხოლო ის, რაც ხდება ამ რეისის დაშვების შემდეგ, როცა მგზავრები ბარგს ელოდებიან, თავად უნდა ნახოთ... ალბათ, დამეთანხმებით, კანადური ავიაკომპანიის უკრეატიულესი სარეკლამო რგოლის მაყურებლები ხართ, რომელსაც, უბრალოდ, დასრულებამდე თვალს ვერ მოსწყვეტ...