
უკრაინაში პრორუსი სეპარატისტებისა და მათი მხარდამჭერი რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილების იერიშის დროს დაღუპული ალეკო გრიგოლაშვილის ცხედარი საქართველოში ბატალიონ "აიდარის" უკრაინელმა მებრძოლებმა ჩამოაცილეს.
თბილისის აეროპორტში ცხედარი 8 საათის დაგვიანებით ჩაასვენეს: თვითმფრინავი იძუილებული გახდა, ერევანში დაშვებულიყო - ოფიციალური მიზეზი უამინდობა, კერძოდ კი, ნისლი გახდა.
თბილისიდან ალეკო გრიგოლაშვილის ცხედარი საპატრულო პოლიციის ესკორტის თანხლებით ქუთაისში გადაასვენეს. თბილისის აეროპორტში ცხედარს მოქალაქეები, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოში უკრაინის კონსული და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები დახვდნენ. აქვე იყო ალეკო გრიგოლაშვილის მეუღლე მცირეწლოვან შვილთან ერთად.
"ყველა იპოვის გამამართლებელ მიზეზს იმისთვის, რომ რამე არ გააკეთოს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც იღუპებიან. აქ საქმე არა იმდენად უკრაინისთვის, რამდენადაც აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. ალეკო ასეთი იყო: ის ერთ ადგილზე არ ჩერდებოდა, სულ მოწინავე პოზიციებზე გადიოდა", - განუცხადა "კურიერს" ალეკო გრიგოლაშვილის უკრაინელმა თანამებრძოლმა.
"ალეკო არავის დავალებით არ წასულა უკრაინაში, როგორც ეს გამოაცხადა თავდაცვის სამინისტრომ. მას კარგად ესმოდა, რომ უკრაინას და საქართველოს ერთი საერთო მტერი ჰყავთ. სულ ასეთი იყო, ოთხ ომში აქვს მიღებული მონაწილეობა", - თქვა ალეკო გრიგოლაშვილის მეუღლემ.
ალეკო გრიგოლაშვილის დაკრძალვის ხარჯებს საქართველოს მთავრობა დაფარავს.