თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოს დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტი დაემატა. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათგან 5 ე.წ.ქობულეთის კლასტერიდანაა, ხოლო ერთის წყარო უცნობია.
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში დღეს კორონავირუსის ინფექციის მქონე 5 ახალი პაციენტი დაემატა. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტი მკურნალობს, რომელთა შორის 8 არასრულწლოვანია. გარდა ამისა, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში მყოფ 13 წლამდე მოზარდს გამოჯანმრთელება დაუდასტურდა და დღეს გაეწერება.
აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 23 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირის დას და დისშვილსაც დაუდასტურდა კოვიდ-19.
კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ის კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24-ით გაიზარდა და 296 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
მხოლოდ ეფექტურ ვაქცინას შეუძლია კორონავირუსის გავრცელების სრულად შეწყვეტა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრიეისუსმა ბრიფინგზე განაცხადა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით ბათუმის ქუჩების მორეცხვა გრძელდება.
საფრანგეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი კიდევ ერთი თვით - 11 მაისამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.
თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, ე.წ კომენდანტის საათი ყოველ დასვენების დღებში დაწესდება, რაც კოვიდინფექციის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს უკავშირდება. ამასთან დაკავშირებით განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა გააკეთა.