-
2014-11-13 20:49
პეკინის #14-ში საბი ბერიანიძის მკვლელობის შემდეგ, „იდენტობის“ ხელმძღვანელს, ირაკლი ვაჭარაძეს ტრანსგენდერი ბიანკა შიგუროვა დაუკავშირდა და სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა.
„ჩვენთვის მოცემულ ახსნა-განმარტებაში ბ. შიგუროვა უთითებს, რომ 2014 წლის 10 ოქტომბერს, საბი ბერიანის მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, 20:00 საათისთვის, მკვლელობაში ბრალდებული პირი მასთან სახლშიც მივიდა და მასზე ფიზიკურად იძალადა.
კერძოდ, ბიანკასთან შეხვედრისთანავე, ბრალდებული მას ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მოულოდნელად დაესხა თავს და გულის არეში ელექტროშოკით დარტყმა მიაყენა. შიგუროვას თქმით, მან თავდამსხმელს ელექტროშოკის აპარატი ხელიდან გააგდებინა, თუმცა, ის თავადაც დაეცა იატაკზე. ამის შემდეგ, თავდამსხმელმა მას ყელში ხელები წაუჭირა და მისი დახრჩობა სცადა თუმცა, ბიანკამ დაყვირება და მის ბინაში მცხოვრები მეგობრის დაძახება შეძლო, მეგობარმა კი დასახმარებლად მეზობელს მოუხმო.
ერთობლივი ძალისხმევით, მათ თავდამსხმელის სახლიდან გაგდება შეძლეს. ბიანკას თქმით, მეზობელი თავდამსხმელს გაედევნა და ქუჩაში გაიგონა, მან ტელეფონით სხვა პირებს როგორ გადასცა ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ და დასახმარებლად ადგილზე მოსვლა სთხოვა. ბიანკას განცხადებით, ის მოგვიანებით ტელეფონით დაუკავშირდა თავდამსხმელს და სცადა მისთვის აეხსნა, რომ განმეორებით თავდასხმის შემთხვევაში, იგი პოლიციას მიმართავდა, რა დროსაც, თავდამსხმელმა მას განუცხადა, რომ ის თავად იყო პოლიციელი და არაფრის ეშინოდა.
ბიანკას თქმით, თავდამსხმელს არაფერი უთქვამს, ან უკითხავს საბი ბერიანის შესახებ და მასზე თავდასხმის ეპიზოდს პირდაპირი კავშირი საბი ბერიანის მკვლელობის საქმესთან არ აქვს. ბ. შიგუროვას განცხადებით, ის და მის ბინაში მცხოვრები მეგობარი, მომხდართან დაკავშირებით, 12 ნოემბერს, პოლიციამ მოწმის სტატუსით დაკითხა. თუმცა, მათ ჩვენებას გამოძიების საჯაროდ გაცხადებულ ვერსიაზე, რომ მკვლელობა ანგარების მოტივით იქნა ჩადენილი, გავლენა არ მოუხდენია.
ბიანკას თქმით, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე პროკურატურამ მას ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. ბ. შიგუროვასა და მისი მეგობრის თქმით, საგამოძიებო ორგანოებში ყოფნისას, ზოგიერთმა თანამშრომელმა მათ მიმართ ტრანს- და ჰომოფობიური სიძულვილის ენა გამოიყენა,“ - ნათქვამია ორგანიზაცია „იდენტობის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ირაკლი ვაჭარაძე მიიჩნევს, რომ ბ. შიგუროვას ჩვენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე სიმართლის დადგენასა და ბ. შიგუროვას პირადი ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.