-
2014-11-13 09:25
"პრაიმკრაიმის" ცნობით, ოქტომბრის შუა რიცხვებში მოსკოვში ერთერთ ყველაზე ახალგაზრდა (ის 21 წლისაა) ე.წ. კანონიერ ქურდს რევაზ უბილავას, იგივე "რეზო ჯვარსკის" ოთხი პირი დაესხა თავს და სასტიკად სცემა. ცემასთან ერთად, მას ტრავმატიკული იარაღიდანაც ესროლეს და ყური დაუზიანეს.
როგორც ცნობილი გახდა, რეზო ჯვარსკიზე თავდასხმაში მერაბ მზარელუას შვილი, მისივე სეხნია და კიკოდ ცნობილი მერაბი, ასევე სამი პირი მონაწილეობდნენ, მათგან ერთი ვინმე "ტამაზ ფოტინსკი".
რუსული გამოცემა წერს, რომ რეზო ჯვარსკის მერაბ ჯანგველაძის მოწინააღმდეგეები გაუსწორდნენ, რადგან ის სწორედ მერაბის კლანის წარმომადგენლებმა, აგვისტოში, თურქეთში "მონათლეს". ამას გარდა, მზარელუასა და მის მეგობრებს რეზოსთან სხვა ანგარიშებიც ჰქონიათ.
იმის გათვალისწინებით, რომ ჯანგველაძის კლანი ცნობილია ადეკვატური პასუხების გაცემით, უნდა ვივარაუდოთ, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება მომავალშიც გაგრძელდება. როგორც ამბობენ, მზარელუები უკვე ფიქრობენ უსაფრთხოების ზომების მიღებაზე.