
საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები 19 წლის რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც მცირე ასაკის მიუხედავად, ეროვნული გუნდის მაისურის მორგება ოფიციალურ მატჩებში 7-ჯერ მოასწრო, ამერიკის სტუდენტური ლიგის ტოპ-გუნდმა აიყვანა. ბასკონიური პროექტის პროდუქტი ანდრონიკაშვილი, რომელმაც გასული სეზონი ბერძნულ "პანიონიოსში" დაიწყო და სუპერლიგურ "რუსთავში" დაასრულა, კარიერას ოკეანის გაღმა, კრეიტონის უნივერსიტეტის გუნდში გააგრძელებს.
რატი ანდრონიკაშვილი საკალათბურთო აკადემიის აღზრდილია, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანური “სასკი ბასკონიას” ერთობლივ პროექტში მოხვდა. როგორც პერსპექტიული კალათბურთელი, ანდრონიკაშვილი “ბასკონიას” ყოველწლიურ თბილისურ კემპში მიიწვიეს და საბოლოოდ ის ესპანეთში, აღნიშნულ კლუბში აღმოჩნდა.
ბასკონიაში რატიმ 2 წელი გაატარა, რის შემდეგაც რამდენიმე კლუბი გამოიცვალა და ახლა კარიერის უმნიშვნელოვანეს ეტაპს მიადგა. ამერიკულმა მედიამონსტრმა ESPN-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია ანდრონიკაშვილის კრეიტონში გადასვლის თაობაზე. ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტული პროგრამის მქონე უნივერსიტეტმა თანხმობა განაცხადა ქართველი უკანახაზელის სწავლის სრულ დაფინანსებაზე (scholarship), რაც ცხადია, იმიტომ გააკეთა, რომ საკალათბურთო გუნდში (Creighton Bluejays) ათამაშოს.