საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უახლოესი ორი კვირა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება და აუცილებელია, რომ არსებულ სიტუაციას თითოეული მოქალაქე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს.
„ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული, 24 საათიანი მუშაობის რეჟიმზე არიან გადასული ჩვენი ექიმები, სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. იცით, რომ ბევრი ჩვენი რეგიონი განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული და ბევრი ჩვენი სოფელი, რეგიონი არის დაკეტილი. იმისთვის, რომ ჩვენ ისეთივე წარმატებით გავუმკლავდეთ, როგორც დღემდე ვახერხებდით, აუცილებელია, უახლოეს ორ კვირაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ, რადგანაც არ დაიკარგოს ის მიღწეულ შედეგი, რითაც ჩვენ დღეს ყველანი ვამაყობთ და რის გამოც განსაკუთრებული შეფასებები გვაქვს ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. პარტნიორებთან მუდმივ რეჟიმში ვართ და ვსაუბრობთ, როგორ გამოვიდეთ კრისიზიდან.
იმისთვის, რომ საგანგებო რეჟიმი, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს, ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ უახლოეს დღეებს, უახლოეს ორ კვირას. ჩვენ გვინდა ყველაზე უფრო, მთავრობას, რომ ეს პროცესი, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ამიტომ ჩვენი მოქალაქეები, საქართველოს თითოეული მოქალაქე უნდა დაგვეხმაროს ამ პროცესის დაძლევაში. ეს იქნება მიღწევადი მხოლოდ ერთობლივად, ერთობლივი ძალისხმევით.
ამიტომ ყველას გთხოვთ უმორჩილესად, არა როგორც მთავრობის წევრი, არამედ როგორც რიგითი მოქალაქე, განსაკუთრებული პატივისცემა გამოვავლინოთ ერთმანეთის მიმართ. იმისთვის, რომ ჩვენ სწრაფად მოვხსნათ საგანგებო რეჟიმი, განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ უახლოეს დღეებში და უახლოესი ორი კვირის პერიოდში“, - განაცხადა ზალკალიანმა.