
მადრიდის რეალი მსოფლიოს სატრანსფერო რეკორდის დასამყარებლად ემზადება. ბრიტანული და ფრანგული მედიის ცნობით, სამეფო კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო ფანრჯისას ერთ კონკრეტულ ფეხბურთელში 280 მილიონი ევრო გადაიხადოს.
საქმე პსჟ-სა და საფრანგეთის ნაკრების ტალანტ კილიან მბაპეს ეხება. მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთელი თითქმის ორი წელია ბლანკოსების სამიზნეა. როგორც The Sun და France Football-იიუწყებიან, რეალმა პსჟ-ს ოფიციალური შეთავაზებით უკვე მიმართა. მონაკოში გაბრწყინების შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულს ფრანგის გადაბირება სურდა, თუმცა საქმეში პარი სენ-ჟერმენი ჩაერთო და კილიანი ხელში 180 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჩაიგდო.
როგორც ჩანს, მადრიდელთა ხელმძღვანელობამ ზინედინ ზიდანს სასურველი 540 მილიონი ევრო ზაფხულში რამდენიმე ვარსკვლავის დასამატებლად უკვე გამოუყო, ხოლო ამ თანხის უდიდეს ნაწილს ფრანგი სპეციალისტი თანამემამულის შესაძენად დახარჯავს. სანტიაგო ბერნაბეუს ბინადართა ინტერესებში საფრანგეთის ნაკრების კიდევ ერთი წევრი პოლ პოგბაც შედის. რეალში გადასვლა მანჩესტერის ნახევარმცველის სურვილიცაა.
20 წლის თავდამსხმელს შესანიშნავი სეზონი აქვს. მან ყველა ტურნირზე 41 მატჩში 36 გოლი გაიტანა და 17 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, ლიგა 1-ში გატანილი 30 გოლით საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში ლიონელ მესის ერთადერთი რეალური კონკურენტია. აღსანიშნავია ისიც, რომ პარიზელთა ლიდერს კლუბსა და ნაკრებში ერთად უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი (94), ვიდრე მესის და რონალდუს იგივე ასაკში.