-
2019-04-23 16:14
დიდი ალბათობით, გარეთ ბეილისთვის მიმდინარე სეზონი მადრიდის რეალში უკანასკნელი იქნება.
კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ, უელსელი ფეხბურთელისგან გუნდის ლიდერობას ელოდნენ, თუმცა ტოტენჰემის ყოფილმა შემტევმა შესაბამისი უნარ-ჩვევები ვერ გამოავლინა, კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონი აჩვენა და სამეფო კლუბის დატოვებას უახლოვდება.
ესპანურ მედიაში ბევრს საუბრობენ 29 წლის ფეხბურთელის მომავალზე და მას ხან მიუნხენის ბაიერნს, ხან მანჩესტერ იუნაიტედს და ხანაც ყოფილ კლუბებს უკავშირებენ.
აქამდე არსებობდა ყველაზე სარწმუნო ვერსია, რომ ბლანკოსები ბეილს ტოტენჰემს დაუბრუნებდნენ და სანაცვლოდ ჰარი კეინს ან კრისტიან ერიქსენს მიიღებდნენ, თუმცა ესპანური Marca სულ სხვა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.
შესაძლოა, ბეილმა კლუბი იჯარის წესით დატოვოს, ისევე, როგორც ეს ხამეს როდრიგესის შემთხვევაში მოხდა. კოლუმბიელი ბაიერნში 2 წლით გაანათხოვრეს, რეკორდმაისტერს კი მისი გამოსყიდვა 42 მილიონი ევრო დაუჯდება.