-
2019-04-10 23:19
ვეტერანი კამერუნელი ფეხბურთელი სამუელ ეტოო საკმაოდ სკანდალურ განცხადებას აკეთებს, რომელიც ვფიქრობთ მესის ქომაგებს დიდად არ მოეწონებათ. ეტოოს სიტყვები ალბათ აზრთა სხვადასხვაობასაც გამოიწვევს და საკამათო გახდება.
ბარსელონას ყოფილმა ფორვარდმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ის კატალონიელთა ღირსებას იცავდა და პეპ გვარდიოლაც გააკრიტიკა.
„გვარდიოლამ ბარსელონაში ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა, თუმცა კლუბში ჩემი ყოფნის დროს ის გუნდისთვის თითქოს გაუცხოებული იყო. გვარდიოლა ვერ გრძნობდა გუნდის პულსაციას, მარტივად რომ ვთქვათ ის ბარსელონაზე ფიქრით არ ცხოვრობდა.
ერთხელ მასთან გაბრაზებულმა მივედი და ვუთხარი - „ეს მე მომაქვს გუნდისთვის გამარჯვებები და არა ლიონელ მესის. ეს კარგად უნდა გაიაზრო“.
იმ პერიოდში სწორედ ასე იყო. მესის დრო მოგვიანებით მოვიდოდა. მაშინ მე ვიყავი ბარსელონას მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჰკითხეთ ინიესტას, ხავის და სხვებს. მაშინ ბარსელონაში ჩემი ეპოქა იყო. მე მომქონდა გუნდისთვის წარმატება და არა მესის. ამიტომაც, გვარდიოლას ჩემთვის ბოდიში აქვს მოსახდელი“ - ამბობს სამუელ ეტოო.
შეგახსენებთ, პეპ გვარდიოლამ სამუელ ეტოო ბარსელონაში მთავარ მწვრთნელად მისვლიდან ერთ წელიწადში გაუშვა.