
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში თოვს. უხვი ნალექი მოვიდა ქუთაისში.
მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო მერიის სამსახურები და სპეცტექნიკით იწმინდებოდა ქუჩები.
გადაადგილების მხრივ, მოქალაქეებისთვის პრობლემები არ შექმნილა. ქალაქში გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა. ქუთაისში ამ დრომდე თოვს.
უხვი ნალექი მოვიდა სამეგრელოში, თუმცა გზებზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს ზუგდიდშიც.
იწმინდება სოფლებთან დამაკავშირებელი გზებიც. მოსახლეობას დენისა და გაზის მიწოდების მხრივ პრობლემები არ შექმნია.
ბათუმში მთელი ღამე თოვდა. იყო ძლიერი ქარი, რის გამოც მოგლეჯილია ხეები, თუმცა აღნიშნულის გამო არავინ დაშავებულა. თოვლმა რამდენიმე ქუჩაზე შექმნა პრობლემა. გაიჭედა სანიაღვრე არხები და თოვლის დნობის შედეგად წარმოქმნილი წყლით დაიტბორა ქუჩები.
ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა სადენები და რამდენიმე საბავშო ბაღს ამ დროისთვის არ მიეწოდება დენი.
უამინდობის მიუხედავად ამ დროისათვის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები დაწესებული არ არის. მოძრაობა თვისუფალია ყველა მიმართულებით. იკრძალება მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტომობილების მოძრაობა ნაქერალასა და რიკოთის უღელტრეხილზე. სხვა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება ნებადართულია. ყველა პრობლემურ ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზები სისტემატიურად იწმინდება. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტომობილებისთვის დაწესებული აკრძალვის გამო კი, სატვირთოები გაჩერებულია, მცხეთიდან რიკოთის უღელტეხილამდე გზის სხვადასხვა მონაკვეთზე, მათ შორის გორშიც.