
თბილისში, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამვლელებისა და გარემოვაჭრეების თვალწინ უსახლკარო მამაკაცი გაიყინა. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარს კარგა ხანს არავინ მიაქცია ყურადღება, რადგან მიიჩნიეს, რომ მას ეძინა.
მამაკაცისთვის პირველი სამედიცინო დახმარების გაწევა ერთმა მოქალაქემ გადაწყვიტა, თუმცა, მას ეჭვი შეეპარა, რომ მოქალაქე გარდაცვლილია და სასწარფოში დარეკა.
ექიმებმა გარდაცვალება დაადსტურეს.
ინფორმაცია ორგანიზაცია „იდენტობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ვებგვერდზევეა გამოქვეყნებული შემთხვევის თვითმხილველის კომენტარიც:
„როდესაც პირდაპირ ასფალტზე, სიცივეში, უსიცოცხლოდ გაშეშებული ადამიანი დავინახე, მას მივუახლოვდი და გასინჯვა დავუწყე. იქვე ინტენსიურად მოძრაობდა ხალხი, მოვაჭრეებმა ისიც კი მითხრეს, თავი დაანებე, მთვრალია და სძინავსო. მამაკაცს პულსი არ ესინჯებოდა, მაშინვე სასწრაფოში დავრეკე.როგორც აღმოჩნდა, ადამიანი უკვე გარდაცვლილი იყო.
ასეთ ამინდში, ნასვამი ადამიანისთვისაც საშიშია ქუჩაში ასეთ მდგომარეობაში ყოფნა, რადგან აუცილებლად გაყინვა დაემუქრებოდა. უსახლკარო ადამიანები, სამწუხაროდ, ტემპერატურის დაცემას ან მომატებას ხშირად ეწირებიან ხოლმე. პირადად მე, ერთი-ორჯერ მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანები სასწრაფო დახმარების გამოძახებით სიკვდილისგან მიხსნია.
სამწუხაროა, როდესაც იქვე მყოფი ადამიანები და გამვლელები ამგვარი შემთხვევების დროს სრულ გულგრილობას იჩენენ…“, - აცხადებს შემთხვევის თვითმხილველი თიკო ჭყონია.
შეგახსენებთ, რომ „იდენტობის“ ინიციატივით უსახლკარო ადამიანებისთვის თავშშესაფრის მოწყობის იდეა განხილვადი გახდა, შეგროვდა სახსრებიც და ცალკეულმა კომპანიებმა საქმეში ჩაღტვის მზადყოფნაც გამოხატეს, მაგრამ საპატრიარქოს მხრიდან ხისტი პოზიციის გამო ინიციატივა დაიბლოკა.
„იდენტობის“ ხელმძღვანელი ირაკლი ვაჭარაძე თბილისში მომხდარი ამ ტრაგიკული ფაქტის შემდეგ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ორგანიზაციას 3.000 ლარამდე თანხა შეგროვილი აქვს და თავშესაფრის გახსნის რეალურ მსურველებს ამ თანხას გადასცემს.