
„საქინფორმის ცნობით“, 2013 წლის 9 ოქტომბერს თბილისში, სასტუმრო „BETSY’S HOTEL“-ის საკონფერენციო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ისტორიულმა მემკვიდრეობამ“ მის მიერ გამოცემული მორიგი წიგნის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც „უცნობი პუტინი“ ჰქვია.
წიგნი წარმოადგენს სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მასალების ნაკრებს, რომლებშიც მოთხრობილია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე და პირად ცხოვრებაზე, სახელმწიფოს უმაღლეს თანამდებობებზე მისი მუშაობის დროს განხორციელებული პროექტების შესახებ, რომლებიც როგორც რუსეთის გაძლიერებისკენ, ასევე ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნისკენ იყო მიმართული.
ციტატა „საქინფორმის“ ინფორმაციიდან:
„წიგნი „უცნობი პუტინი“ უნიკალურია იმით, რომ ეს – საქართველოში გამოსული პირველი გამოცემაა ვლადიმერ პუტინზე ქართულ ენაზე. კრებულის სათაური - „უცნობი პუტინი“ – ნათლად მეტყველებს მისი გამოცემის მიზანზე:
რაც შეიძლება სრულად და მართლად გააცნოს ფართო ქართულ საზოგადოებრიობას დიდი რუსეთის – მეზობელი სახელმწიფოს, საქართველოს ისტორიული მფარველის ხელმძღვანელის პიროვნება, რადგან ბოლო ათწლეულში, განსაკუთრებით 08.08.08 ომის შემდეგ რუსეთის ტელეარხების დაბლოკვის შედეგად, ქართველი საზოგადოება მხოლოდ ცრუ, საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ სათანადოდ დამახინჯებულ და ცენზურაგავლილ ინფორმაციას იღებდა თანამედროვეობის საყოველთაოდ აღიარებული ლიდერის და უდიდესი პოლიტიკოსის შესახებ, როგორადაც გვევლინება ვლადიმერ პუტინი.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამეცნიერო ინტელიგენციის წარმომადგენლები - ცნობილი მეცნიერები და პედაგოგები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ჟურნალისტები, პუბლიცისტები, ბეჭდური და ინტერნეტ–გამოცემების მთავარი რედაქტორები, პოლიტოლოგები, პოლიტიკოსები, ავტორიტეტული საზოგადო მოღვაწეები, სახელმწიფო მოხელეები და დიდი სამამულო ომის ვეტერანები“.
წიგნის „უცნობი პუტინი“ ანოტაციაში ვკითხულობთ: „სააკაშვილის პროპაგანდის იარაღად ქცეულმა მედიამ, პუტინი არასწორად გააშუქა, იგი ცუდად დაანახა ქართველებს, რასაც შედეგად 2008 წლის აგვისტო მოჰყვა“.