რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, რომელიც ამავე დროს, თბილისის მერობის კანდიდატია, აცხადებს, რომ მასში ირონიას იწვევს „ჯიგრიანობაზე“ საუბრები.
გადაცემაში „დიდი პოლიტიკა“ დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ის კარგად იცნობს ძირძველ თბილისელებსაც, მაგრამ ბევრს ავიწყდება, რომ თბილისი საქართველოს დედაქალაქია. ამასთან, ნარმანია ხაზს უსვამს, რომ ბოლო 17 წელია, თბილისში ცხოვრობს:
"მე 34 წლის ვარ და აქედან ბოლო 17 წელია თბილისში ვცხოვრობ ცალკეულ გასვლებს თუ არ ჩავთვლით, ძალიან კარგად ვიცნობ ქალაქის პრობლემებს და ხალხის მენტალიტეტს. მე ვიცნობ ამ ქალაქის პრობლემებს და საჭიროებას", - აცხადებს ნარმანია გადაცემაში "დიდი პოლიტიკა".
დავით ნარმანიამ გია კორკოტაშვილის იმ განცხადებასაც უპასუხა, სადაც კორკოტაშვილი ამბობდა, რომ კარგი იქნებოდა თბილისის მერი გამხდარიყო გიორგი გაჩეჩილაძე, რადგან ის "ჯიგრიანი ქალაქელი კაცია":
"ბატონი კორკოტა არ იცნობს როგორც ჩანს, ჩემს ჯიგრიანობას და ბევრი არ გაუგია. თუ ფიქრობენ რომ ჯიგარმა უნდა გადაწონოს ყველაფერი, მაშინ აწონონ ჩემი ჯიგარიც. ეს ჩემში ირონიას იწვევს. დედაქალაქი სხვა რელსებზეა გადასაყვანი", - აცხადებს ნარმანია.