
საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს ალექსანდრე დანელია, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, ე.წ. ხურჩის ტერაქტის გამოძიებაში ბრალდების სასარგებლო ჩვენება მისცა.
დანელიას სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
ალექსანდრე დანელია, დაკავებული რომან შამათავას (კუდ-ის ფახაზეთის განყოფილების უფროსი) მოადგილედ მუშაობდა, ბოლოს კი ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს, - ამის შესახებ შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ.
რომეო საჯაია, რომელიც ადრე პროკურატურაში მუშაობდა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სამსახური დემონსტრაციულად დატოვა, აცხადებს, რომ გარდაცვლილი ახლობლებთან ზეწოლაზე საუბრობდა:
„ალექსანდრე დანელიას ბევრგან აქვს ახლობლებისთვის ნათქვამი, რომ ჩვენება სეპარატისტების სასარგებლოდ მიაცემინეს და ამატებდა, თუ კიდევ უფრო მეტის მოთხოვნა გააგრძელეს, რასაც აპირებენ, თავს არ ვიცოცხლებო“.
შეგახსენებთ, რომ გამოძიების ვერსიით, ე.წ. ხურჩის ტერაქტი არა აფხაზი სეპარატისტების, არამედ ქართული მხარის, კერძოდ, კუდ-ის მაღალჩინოსნების მიერ იყო დაგეგმილი და განხორციელებული.
ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით დაკავებულ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომლებს რომან შამათავასა და მალხაზ მურღულიას ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში. საქმე ეხება, 2008 წლის 21 მაისს, საპარლამენტო არჩევნების დროს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც აფეთქდა ორი სამგზავრო ავტომობილი და დაიჭრა ერთი მოქალაქე.