
ედუარდ შევარდნაძე დღეს კრწანისის რეზიდენციიდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს. საქართველოს ექსპრეზიდენტი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კრწანისის რეზიდენციაში ედუარდ შევარდნაძის აღსარებისა და ზიარების ამსახველი ფოტოები, რომლებიც ზამთარშია გადაღებული, ერთერთმა სტიქაროსანმა გაავრცელა. ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც მონათვლის შემდეგ სახელად გიორგი დაირქვა, აღსარებას რეზიდენციაშივე აბარებდა და მას მამა შალვა აზიარებდა ხოლმე.
ფოტოებზე ჩანს, რომ ედუარდ შევარდნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროს საგრძნობლად იყო გაუარესებული. სავარაუდოდ, სწორედ ამით იყო გამოწვეული ისიც, რომ მას ჰქონდა კურთხევა, აღსარება სახლიდან გაუსვლელად ცაებარებინა და ზიარება მიეღო.
"ჩვენ მის ცოდვებს ვაკვირდებით გამადიდებელი შუშით, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის მის გარდაცვალებამდე ცხოვრება, სინანული და ზიარება...", - წერს ფოტოების ავტორი.